
გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესები მართულია,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს, „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი მართულია. შიგნიდანაა თუ გარედან, ამაზე ინფორმაცია სპეცსამსახურებს აქვთ, მაგრამ მართულია იმდენად, რამდენადაც პატიმარი ხედავს, რომ სისტემა იქცევა კანონიერად, ამავე კანონის ფარგლებში აქვთ მათ იმის უფლება, რომ გამოხატინ პროტესტი. თუმცა, არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ამ პროცესების ზედმეტად აჟიტირებას და დრამატიზებას.
ის, რაც დღეს ხდება არის ბუნებრივი, რომელიც ახლაც ხდება და მომავალშიც იქნება, მაგრამ მთავარია, ასეთ დროს როგორ მოიქცევა სახელმწიფო. იმედი მაქვს, რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მიმდინარე მოვლენებს პროვოცირებულს უწოდებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მისი თქმით, იმის ნაცვლად რომ სამინისტრო დათმობაზე წავიდეს, სიტუაციის დარეგულირება ვერ ხერხდება და მდგომარეობა უფრო მწვავდება.
,,მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც პატიმრებს აქვთ, იყოს განხილული და მოხდეს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჯდება. იმის ნაცვლად, რომ მდგომარეობა განიმუხტოს და სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, სამწუხაროდ, მიმდინარეობს უფრო დაძაბვისკენ გარკვეული მცდელობები", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.