
16 ივნისს, საგანგებო შტაბის კოორდინაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები.
დღეს დილიდან საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად იხსნება მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, კოსტავასა და ვარაზისხევის მიმართულებებზე.
დაახლოებით 03:00 საათზე დასრულდა გზის საფარის დაგება მელიქიშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე და მოიხსნა სატრანსპორტო მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა.
ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან, რომელიც მეწყრულ ზონაში მდებარეობს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებული სტიქიით დაზარალებულები, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ექიმის უფასო კონსულტაციით. მცირეწლოვან ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზებული საკვები.
გამგეობებში გრძელდება ტანსაცმლის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულთათვის. პროცესი მიმდინარეობს ორგანიზებულად.
სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღწერა და შესწავლა, რაც უახლოეს ხანში უნდა დასრულდეს. საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით აღდგენას ექვემდებარებიან, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
დღეს დილიდან თბილისსა და მის შემოგარენში ყველა დაზიანებულ უბანზე განახლდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, ხოლო 7 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. – ნათქვამია განცხადებაში.