
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, დასრულდა. თანამდებობაზე ზაზა აბაშიძე დაინიშნა.
როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცხრაწევრიანმა კომისიამ არ გაითვალისწინა ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია ბუბა კუდავას მიმართ. მათი თქმით, თანამშრომლები ახალ დირექტორს არ მიიღებენ.
ზაზა აბაშიძე 1980-1981 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე, 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად.
"უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად იგნორირებულ იქნა თანამშრომელთა მიერ ბუბა კუდავასადმი გაწეული რეკომენდაციები. ამასთან, 9 კაციანი კომისია, ძირითადად, შედგებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან.
შედეგად, როგორც ცნობილია, ცენტრის დირექტორად არჩეულ იქნა ზაზა აბაშიძე. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება იყო სუბიექტური.
თანამშრომლები ერთხმად ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ჩვენი არჩევანის უგულებელყოფას და არ მივიღებთ მსგავსი ფორმით შერჩეულ დირექტორს!!!", - წერენ ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის გვერდზე "ფეისბუქში".