
ხატია ვოლნისტი საქართველოს მოქალაქეა. ის 20 წლის წინ ზუგდიდის სამშობიაროში დაიბადა, სადაც დაბადების მოწმობის სქესის გრაფაში შეცდომით "მამრ." ჩაუწერეს და მას შემდეგ, ოფიციალურად, მამაკაცად ითვლება. სიუჟეტი ამ საოცარ შემთხვევაზე ტვ "იმედმა" მოამზადა.
ხატია 5 თვის ჩვილის დედაა, არც სქესი შეუცვლია არასდროს, მაგრამ ამ იურიდიული ლაფსუსის გამო დღემდე ხშირად ხვდება გაუგებრობაში: "ვარსებობ, მაგრამ არც ვარსებობ, გამოდის, ოჯახში სამი ვართ და სამივე მამაკაცი... ამ დეტალის გამო საზღვარს მე ვერ გადავკვეთავ, სწავლით ვერ ვისწავლე, არ მეხება არანაირი დაზღვევა...", - ამბობს ხატია "ქრონიკის" ჟურნალისტთან ინტერვიუში.
ხატიამ წლების წინ მისი რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება 16 წლისამ სცადა, როცა პირადობის მოწმობას იღებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რეესტრში მას უთხრეს, რომ სასამართლოთი უნდა დაამტკიცოს, რომ ქალია, ან წავიდეს და ზუგდიდში მიმართოს რეესტრს, სადაც ასევე უარს ეუბნებიან სქესის მონაცემის შეცვლაზე.
საჯარო რეესტრი ხატია ვოლნისტის, ფაქტობრივად, ულტიმატუმის წინაშე აყენებს: ის აღიარებს ვოლნისტის არსებობას მხოლოდ იმ პირობით, რომ ის მამაკაცია. ალტერნატივაც არსებობს: უწყება ვოლნისტის ურცევს, სასამართლოს გზით დაამტკიცოს, რომ ქალია.
წყარო: ტვ "იმედის" სიუჟეტი. ავტორი ქეთი ბოჯგუა