
ვაკეში, სტიკერების “გახდი შენი უბნის მედიატორი” გაკვრისთვის საპატრულო პოლიციამ ა/ო “მედიატორის” 7 წევრი: ლევან ხაბეიშვილი, თეონა ჭალიძე, ნათია ქოქოსაძე, გიორგი ბიჩინაშვილი, ნათია ტაბლიაშვილი, ერეკლე თამაზაშვილი და ვალისა ღვინჯილია დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული - ვალისა ღვინჯილია, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში შეუძლოდ გახდა. პატრულის განცხადებით, “მედიატორის” წევრები დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე. ადვოკატის გოგა ონიანის განცხადებით, აღნიშნული მუხლი დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.
რამდენიმე საათის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხელწერილით გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული.