
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" განცხადებას ავრცელებს, ხვალ, 5 მაისს, ქობულეთში სასტუმრო Georgian Palace დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი’’-ს (ICCN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ,,ქართულ-რუსული ურთიერთობის პერსპექტივები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში’’ ესწრებიან:
რუსეთის დელეგაცია ნიკოლაი სილაევის ხემძღვანელობით, საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავჯდომარე გია ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ექსპერტი მამუკა არეშიძე.
მოგახსენებთ, რომ ეს არის პირველი ღია პრეცედენტი, როცა საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები პუტინის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობენ კონფერენციაში. 2012 წლამდე ნიკოლაი სილაევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალული ჰქონდა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო.
ჩვენი ორგანიზაცია გმობს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობას კოლაბორაციონისტულ ღონისძიებაზე, სადაც მთავარი მიზანი რუსული პროპაგანდის გაძლიერებაა", - აცხადებს კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივის" თავჯდომარე ლაშა ფარულავა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი, გია ვოლსკისა და მამუკა არეშიძესთან ერთად, ხვალ რუსეთის დელეგაციას შეხვდება, უარყოფს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრი ხვალ თბილისიდან არ გადის.