
საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ წიკლაურს სადარბაზოსთან ღამით უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორება დაუპირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" საპარლამენტო უმცირესობის წევრი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" გახდა ცნობილი, ნუგზარ წიკლაურის სახლში ასვლის შემდეგ მის მძღოლს თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დეპუტატი "რუსთავი-2"-თან ამბობს, რომ ბაჩო ყირმისაშვილზე თავდასხმაში 4-5 პირი მონაწილეობდა და
მძღოლს ცხვირი აქვს გატეხილი. ყირმისაშვილმა ადგილიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა მის ავტომანქანას თავდამსხმელები დაედევნენ.
დეპუტატის ინფორმაციით, სანამ მისი მძღოლი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არ მივიდა, მასზე დევნა გრძელდებოდა. მძღოლმა პოლიციას ჩვენება მისცა.