
„საქართველო მზადაა თავდაცვისთვის“ - ამ სათაურით აქვეყნებს "Настоящее Время" ინტერვიუს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან ვახტანგ კაპანაძესთან, რომელიც შეკითხვაზე: „მზად ხართ ომისთვის?“ პასუხობს: „თავდაცვისთვის ვართ მზად“.
ვახტანგ კაპანაძე გადაცემაში ასევე ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა განწყობილია, რათა არ მისცეს დაინტერესებულ ძალებს სამხედრო ხასიათის პროვოკაციის საშუალება, ხოლო შეკითხვაზე: „ვინ არის საქართველოს რეალური მტერი?“, პასუხობს: „მოდით, პირდაპირ ნუ დავასახელებთ, არაა აუცილებელი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ხალხმა ისედაც ყველაფერი იცის, მით უმეტეს, საქართველოს მოსახლეობამ".
ვახტანგ კაპანაძე აცხადებს ასევე, რომ საქართველო არ აპირებს, ძალა გამოიყენოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით: „ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ არმია და დავუახლოვოთ ის ნატოს სტანდარტებს, მაგრამ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ იცის, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას ამ მიზნით“.