
გურჯაანის გამგეობის შენობაში მდებარე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დილიდან აჭედილია. კარზე ცოცხი მიამაგრეს და პლაკატები გააკრეს.
დაპირისპირება გუშინ დაიწყო, როცა გამგებელმა ოფიციალური წერილით მიმართა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს, ოფისი დაეცალა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ შენობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შეიჭრნენ და ოფისიდან დეპუტატისა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების გამოდევნას ძალით ცდილობდნენ. მათ დეპუტატებს კვერცხები ესროლეს. როგორც ირმა ნადირაშვილი ამბობს, იქ მოსულ მამაკაცებს გახსნილი დანებიც ეჭირათ ხელში.
დღეს დილით ნაციონალებმა გურჯაანში ბრიფინგი გამართეს და იმ პირთა სია და ფოტოები წარმოადგინეს, ვინც 20 აპრილის ინციდენტში მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით, თითქმის ყველა პირი საჯარო მოხელე ან ლექსო თამაზაშვილის ოჯახის მეგობარია.
ირმა ნადირაშვილი პრემიერმინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ ასეთი მეთოდებით ხელს ვერ შეუშლის ანტიკორუფციული კომიტეტების მუშაობას - "ნაციონალები" სწორედ ამ კომიტეტის წევრების საქმიანობას უკავშირებენ მომხდარ ინციდენტებს.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს აჭედვის შესახებ კომენტარი გურჯაანის გამგებელმაც გააკეთა. მისი თქმით, ეს მოსახლეობის პროტესტია, თუმცა, აქციის ორგანიზატორების შესახებ არაფერი იცის: "მე ვერ ავუკრძალავ მოსახლეობას, კანონის ფარგლებში გამოხატონ პროტესტი. ყველას კარგად ახსოვს, როგორ მართავდნენ ქვეყანას და ისიც, რომ გლეხებს ყურძენი გაუხადეს გადასაყრელი", - ამბობს გურჯაანის გამგებელი.