
წლევანდელ ზაფხულში, შესაძლოა, მარტვილის რაიონის ადგილობრივ ოჯახებს შემოსავლის ერთერთი საშუალება მოესპოთ: მოსახლეობა შიშობს, რომ კანიონში ნავებით გადასაადგილებლად ტურისტების მომსახურების უფლებას ჩამოართმევენ.
წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ კანიონში გადაადგილებასთან დაკავშირებით დალაგებული სიტუაცია, როცა ნავების მეპატრონეები რიგრიგობით ემსახურებიან ტურისტებს, რომლებსაც სოფელ გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონის დათვალიერება სურთ, შესაძლებელია, აირიოს, რადგან მარტვილში ამ სფეროში შესვლას დავით ქაცარავას კომპანია „რაფტინგ ჯი“ გეგმავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ნავები სწორედ ტურისტების მომსახურების მიზნით და არა ჯომარდობისთვის ჩამოაქვთ, რადგან კანიონზე ჯომარდობისთვის შესაფერისი ადგილი არ არის.
ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ნავების შესაძენად მარტვილის გამგეობამ ნავებისა და გემების შეძენის მიზნით ტენდერიც გამოაცხადა. საუბარია 50.000 ლარის ღირებულების ტენდერზე, რომელიც, მარტვილელების თქმით, სწორედ ქაცარავას კომპანიას მოარგეს.
„ზოგიერთი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო ზაფხულში სწორედ ნავებით ტურისტების მომსახურებაა და ამასაც გვართმევენ“, - ამბობენ მარტვილელები.
მათი ნიხრით კანიონის დასათვალიერებლად ტურისტების გადაყვანის ფასი ერთ პერსონაზე 5 ლარია. ერთ ნავს ერთდროულად 5 პირის გადაყვანა შეუძლია.
მარტვილში დავით ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი გამოიწვია, რომლის დასარეგულირებლად ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების ჩარევა გახდა საჭირო.
დავით ქაცარავას პოზიციას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით აქვე შემოგთავაზებთ, მასთან დაკავშირების შემდეგ.