-
2015-02-13 13:30
თბილისის მერიის მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას ქრთამზე დაკავების შემდეგ, მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ დედაქალაქის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების ნასამართლობაზე ალაპარაკდა.
მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, სანამ ბოდოკიასთან დაკავშირებული ქრთამის აღების ფაქტი მოხდებოდა, მანამ მისი ორგანიზაცია მერიაში ნასამართლევი პირების დანიშვნის საკითხს სწავლობდა.
გელა ჩივიაშვილი - სოციალური სამსახურის უფროსი.
იგი 2011 წელს ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პერიოდში მან სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის გამოყოფილი დაზღვევის თანხები გაფლანგა, რაც მან აღიარა და საპროცესო გარიგება გაუფორმდა - განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისება, თან მარტო არა, ორგანიზებულ დანაშაულზეა საუბარი.
ადამიანს, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის თანხის მოპარვისთვის გაასამართლეს, ამ ამბის მერე სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას რომ დააკავებინებ, არ არის ნორმალური. თუ ამ ადამიანმა თავის დროზე მიითვისა სხვისი თანხა, ვინ არის გარანტი, რომ ისევ იგივეს არ გააკეთებს?
საბურთალოს გამგეობაში, აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს კახა გავაშელი. ეს ადამიანი, ნასამართლევია 2-ჯერ, ფინანსურ დანაშაულზე. რამდენად ნორმალურია ასეთი ადამიანის, მსგავს მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა?
ვახტანგ ბექაური - ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა, თავის დროზე ნასამართლევია საბურავების ქურდობაზე.
ასევე საინტერესოა საშკა სანაძის შემთხვევაც, რომელზეც სატელევიზიო მასალებიც გავიდა და არავინ უარყოფს, რომ ეს ადამიანი არის ნასამართლევი. ქურდული ტრადიციების მატარებელია და ამბობდა, ქურდი ვარო. ეს ადამიანი, მთაწმინდის მუნიციპალიტეტში მუშაობს თავმჯდომარის მოადგილედ. საშკა სანაძე წინასაარჩევნოდ უგვარებდა ნარმანიას სიტუაციას, შესაბამისად, დაუფასეს და დანიშნეს თანამდებობაზე.
გელა ჩივიაშვილი პირადად ნარმანიას შერჩეულია, დანარჩენები გამგებლებიც შერჩეულები არიან, მაგრამ ისინიც, თავისთავად ნარმანიასთან შეთანხმებით მოქმედებენ. თუ გადავხედავთ დედაქალაქის მერიას, ის, რომ სახეზე გვყავს ნასამართლევები, თანამშრომლების 80% არის უვიცი, ეს ტესტირების შედეგებმა აჩვენა, ამიტომ არის, რომ ისეთი ფატები ხდება, რაც ბოდოკიას შემთხვევაში ვნახეთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა „ალიასთან“ საუბრისას.
აღნიშნულ საკითხზე მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მაგდა პოპიაშვილი აცხადებს: „სასამართლოს გადაწყვეტილება გამომიგზავნეთ, რომლებითაც იმ ადამიანების დანაშაულები დასტურდება. ამის მერე მოვძებნი მათ, ვინც ამაზე კომენტარებს გააკეთებს“.
როგორც ლევან ხაბეიშვილს ამბობს, მათ ჩივიაშვილის განაჩენი ხელთ აქვთ.
„ეს ადამიანი არ უარყოფს ამას, აღიარებს და საპროცესო აქვს გაფორმებული, საშკა სანაძე მარტო ნასამართლევი კი არაა, ნაჯდომიცაა ციხეში. დაურეკონ და ჰკითხონ, არ უარყოფს ეს ადამიანიც იმას, რომ იჯდა. დანარჩენებზე, იმდენად სარწმუნო წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ არც კი გამომითხოვია მათზე ინფორმაცია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.