
არსებული ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 4000 სააფთიაქო ქსელიდან სახელმწიფო მხოლოდ 13%-ს აკონტროლებს.
ხშირია სპეციალიზებული ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ურეცეპტოდ წამლის გაყიდვის შემთხვევებიც.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ლიცენცია 74 აფთიაქს ჩამოერთვა. თუმცა, მათ საქმიანობის გაგრძელება მაინც მოახერხეს.
სახელმწიფო აუდიტის კვლევის შედეგებით, 10 ათასი დასახელების წამლიდან ხარისხის კონტროლი მხოლოდ 1%-ზე ვრცელდება. ასეთია, მაგალითად, სოკოს სამკურნალო პრეპარატი "კეტო-კონაზოლი", რომელსაც უკვე საქართველოშიც ვეღარ შეიძენთ.
ფარმაცევტები ამბობენ, რომ პრეპარატზე მოთხოვნა დიდი იყო. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ის ჰეპატიტისა და ღვიძლის ციროზსა იწვევდა, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში კი მკურნალობა ადამიანის სიკვდილით მთავრდებოდა.
ევროპის კომისიამ პრეპარატის ამოღების შესახებ გადაწყვეტილება 2013 წლის 11 ოქტომბერს მიიღო. თუმცა, საქართველოში წამლის შემოტანა 8 თვის დაგვიანებით აიკრძალა.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ , რომ ინფორმაცია ევროპის კომისიამ დაგვიანებით მიაწოდა.
კვლევა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, აჩვენებს, რომ წამლის დარეგისტრირება ლაბორატორიული კვლევის გარეშე მიმდინარეობს. რეგისტრირებულ მედიკამენტებზე უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შემოწმება არ ხორციელდება.
ის, რომ აფთიაქებისა და წამლებზე ხარისხის კონტროლი სრულფასოვნად ვერ ხორციელდება, ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. თუმცა, ხარვეზებს კანონმდებლობას უკავშირებენ.
http://rustavi2.com/