
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რა შემთხვევაში არა აქვს აზრი პრეზიდენტის ვეტოს "მიყურადების შესახებ" კანონზე. მისი თქმით, მთავარი ის კი არ არის, რომელ უწყებას ექნება გასაღები, არამედ ის, თუ ვის საკუთრებაშია ე.წ. მართლზომიერი გადაჭერის მართვის სისტემა (Legal Interception Manegement System).
"...მთავარი არ არის ვის ექნება მოსმენის უფლება. მოსმენის უფლება შეიძლება ჰქონდეს შსს-ს, პროკურატურას, კონტრდაზვერვას და ა.შ.
მთავარი არც ის არის ვინ იძლევა მოსმენაზე ნებართვას. მოსმენის ნებართვა შეიძლება გასცეს სასამართლომ, მარეგულირებელმა კომისიამ, პერსონალულ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა და ა.შ.
მთავარია ვის საკუთრებაშია ე.წ. მართლზომიერი გადაჭერის მართვის სისტემა (Legal Interception Manegement System), ამ სისტემის მთავარი კომპონენტი - გადაჭერის მედიაციის სერვერი (Interception Mediation Server, იგივე 'შავი ყუთი'), და ვინ მართავს ამ სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას
ის, ვისაც ეკუთვნის ეს სისტემა, წყვეტს რომელი უწყება მოუსმენს, რომელი უწყება გასცემს ნებართვას და რომელი უწყება დააკვირდება
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ სისტემის მფლობელს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა შექმნას გადაჭერის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემები, რომლებიც ერთმანეთს ვერ დაინახავენ
ანუ, ამ სისტემის მფლობელს შეუძლია შეჰქმნას სისტემა, სადაც მოსმენაზე ნებართვას გასცემს სასამართლო (ან რომელიმე სხვა უწყება),მოსმენას ახორიელებს შსს (ან რომელიმე სხვა უწყება), ვის უსმენენ აკვირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (ან რომელიმე სხვა უწყება); და პარალელურად შეჰქმნას გადაჭერის სხვა სისტემა, რომელსაც ვერავინ დაინახავს, ვერც ერთი უწყება
დღემდე ეს Legal Interception Management System ყოველთვის იყო და არის შსს-ს მფლობელობაში. თუ ეს სისტემა დარჩა ისევ შსს-ს მფლობელობაში, არანაირი აზრი ექნება ყველაფერ დანარჩენს, მათ შორის არც პრეზიდენტის ვეტოს (თუ ის არ ითვალისწინებს ამ სისტემის შსს-სთვის წართმვას). ხოლო უკანონო მოსმენები ისევ გაგრძელდება რადგან ყველა გარემოება ცალსახად მიუთითებს რომ ივანიშვილის ასე სურს
პ.ს. თითქმის ანალოგიური სისტემაა ინტერნეტ ტრაფიკის გადაჭერაზეც და იმ შემთვევაშიც რაღაც მსგავსია გასაკეთებელი", - წერს დეპუტატი.