
"ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტი დაბრუნების სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" კომპანიის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებას ორი ქვეყნის სამთავრობოთშორისი კომისიის სხდომაზე მიაღწიეს, თუმცა ქართული მხარე კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ყაზახურმა კომპანიამ თბილისის გაზის დისტრიბუტორი კომპანია 12,5 მილიონ დოლარად 2006 წელს იყიდა, თუმცა დაპირებული 82 მილიონი დოლარის ინვესტიცია ვერ განახორციელა.
კომპანიას 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. აქედან 68 მილიონი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. 2010 წელს ძველმა ხელისუფლებამ ყაზახური მენეჯმენტი "ყაზტრანსგაზს" ჩამოაცილა, რამაც ყაზახეთის უმაყოფილება გამოიწვია.
,,ძველ ხელისუფლებასთან დავა გვქონდა. უფრო მეტიც, მათგან ზეწოლას განვიცდიდით. ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. საქმე ფულს ეხებოდა და ეს საკითხიც მოვაგვარეთ. გიდასტურებთ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ. ,,საქართველოს ბანკის’’ მეშვეობით გადავიხდით 10 მლნ დოლარს 6 თვის განმავლობაში. ჩვენი მენეჯმენტის დაბრუნების დრო კი უკვე თქვენი მთავრობის გადასაწყვეტია.
დაინტერესებულები ვართ საქართველოში მუშაობა გავაგრძელოთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, კარგი ბიზნესია, მაგრამ ამავე დროს სტრატეგიულიც სამომავლოდ. გაზის მოწოდება ამ ეტაპზე აზერბაიჯანიდან ხორციელდება, შემდეგ კი შესაძლოა ყაზახეთიდან ან რუსეთიდანაც მოვახერხოთ,’’–განაცხადა ,,ყაზმუნაი გაზის’’ თავმჯდომარის მოადგიემ დანიარ ბერლი ბაევმა.
,, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა განხილული იქნა ეს საკითხი. სამუშაო რეჟიმში ხდება მისი განხილვა და იმედია, მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს შორის,’’– უთხრა "ბიზნესკონტაქტს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ.
,,ბიზნესკონტაქტი’’