
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს.
მისი თქმით, მომხმარებლებმა სესხის აღებისას კარგად უნდა წაიკითხონ ხელშეკრულებები და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.
„ესენია ყველაზე ძვირი პროდუქტები საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როცა ასეთი ძვირადღირებულ პროდუქტის მოხმარებას ვირჩევთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად დავგეგმოთ საკუთარი ფინანსები. ფუფუნების საგნების კრედიტით შეძენა რისკების შემცველია...
მხოლოდ ის, რომ პრობლემური სესხი გადავფაროთ ახალი სესხით, ან როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ავიღოთ ერთი ბარათი, მეორე მეორე ბარათი, მერე განვადება გავაკეთოთ, პრობლემას არ ხსნის. ასეთ დროს, რაღაც მომენტში აღმოვაჩენთ, რომ ვალის მომსახურების ტვირთი პროდუქტების ფართო სპექტრზე არის საკმაოდ მაღალი, გვექმნება პრობლემა, მერე მივდივართ, ვიღებთ დიდ სესხს, რომ ეს ყველაფერი გადავფაროთ, ამ დიდი სესხის ქვეშ კი უზრუნველყოფაში ვდებთ უკვე უძრავ ქონებას.
ამ პროცესს, რომელიც მე აგიღწერეთ, ჰქვია „კლასიკური საკრედიტო მახე“. იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, აუცილებელია, ერთი მხრივ, მომხმარებელმა ბოლომდე გაიაზროს ის რისკები, რაც დაკავშირებულია ძვირადღირებულ საკრედიტო პროდუქტებთან და მეორე მხრივ, ბანკებმა ადეკვატურად შეაფასონ და ისინი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ მომხმარებლებს.
შესაბამისად, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ - პირველი – მოხდეს ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის მაქსიმალურად მისადაგება კლიენტის მოთხოვნილებებზე და მეორე – მოხდეს მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ პროდუქტების, რომლებზეც ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/104230-frthkhilad-sakredito-makheebi-erovnuli-bankis-prezidenti-momkhmareblebs-afrthkhilebs.html