
"სანამ საქართველოში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ადამიანებს არ მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი შრომით ირჩინონ თავი, საქართველოში სიღარიბე არ დაიძლევა", - ამის შესახებ "კომერსანტთან" საუბარში ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა.
"თუ თვალს ადევნებთ საინფორმაციო საშუალებებს, აღმოაჩენთ, რომ ეკონომიკაზე და ბიზნესგარემოზე და ზოგადად, ბიზნესში არსებულ პრობლემატიკაზე მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 30–40 წუთი საუბრობენ, დანარჩენი დრო კი მიძღვნილი აქვს პოლიტიკას – ვინ რა თქვა, ვინ რა გააკეთა, ვინ სად წავიდა და ა.შ.
დღეს საზოგადოება აბსოლუტურად პოლიტიზირებულია. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებმა საკუთარი ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრონ, ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ დღესაა ერთი, ხვალ შეიძლება იყოს უკეთესი, და ჩვენი ხალხი ამის მოლოდინშია. პოლიტიკური ინტრიგების ხლართვას ჯობია, ეკონომიკური საკითხებით უფრო მეტად დავკავდეთ", - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.
"მხოლოდ თიხის მიმართულება ავიღოთ –საქართველოში გასაყიდი კერამიკული ნაწარმი 100%–ით იმპორტირებულია. ჰიპერმარკეტებში რომ შეხვიდეთ, აღმოაჩენთ, რომ კონსერვების 70% იმპორტირებულია.
ასეა ნებისმიერი მიმართულებით – გვაქვს საკმარისი რესურსი, რომლის განვითარების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელში – ეს შეიძლება იყოს სამი, ოთხი, ხუთი წელი, გააჩნია სახელმწიფო პროგრამა როგორ შედგება – ის გლობალური პრობლემა, რასაც სიღარიბე და უმუშევრობა ჰქვია, გადაჭრილ იქნას", - აღნიშნა ინტერვიუში ბიზნესმენმა.
"კომერსანტი"