-
2014-12-23 22:09
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, წლის ბოლომდე 7 დღეა დარჩენილი. ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად კი საჭიროა ზუსტად 819 მილიონი ლარის დახარჯვა.
„რომც გადაერიცხოს წლის ბოლომდე ეს თანხა შესაბამის ორგანიზაციებს, ამით გზები აშენდება თუ სკოლები?
ამ დღეებში შემოვიდა დაგვიანებული უცხოური კრედიტებისა და გრანტების ნაწილი, რომლებიც წლის პირველ ნახევარში უნდა შემოსულიყო და მოხმარებოდა რეალურ საქმეს. 30-31 დეკემბერს, ალბათ, სხვა თანხებიც შეიძლება გადმოირიცხოს.
თუ მთავრობა მოისურვებს ბიუჯეტის ქაღალდზე "შესრულებას", მერე არ თქვას, ლარი იმიტომ გაუფასურდა, რომ რუსეთში ცუდადაა საქმეო“, - აცხადებს გოცირიძე.
ლარის კურსის ვარდნას, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე არაორგანიზებულობას, სამინისტროების მხრიდან გულგრილობას და საქმის არგაკეთებას უწოდებს.
„განსაკუთრებული დანაშაული ჩაიდინეს იმ სამინისტროების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ტენდერებს აცხადებდნენ. როგორც მე ვიცი, ყველაზე დიდი დანაშაული მოდის ინფრასტრუქტურის სამინისტროზე.
აი, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის კურსის ვარდნაზე, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ. თავის დროზე არ ჩატარდა ტენდერები... ვიმეორებ, არ ჩატარდა და არა, ვერ ჩატარდა, იმიტომ რომ ობიექტურ ტენდერებზე დღეს საუბარი არასერიოზული ადამიანისგან თუ შეიძლება. კონკურსებში რომ გაამარჯვებინონ, საკუთარი წრიდან ეძებენ ადამიანებს და ამის გამო არ ჩაატარეს. უამრავი პროექტი დარჩა განუხორციელებელი.
სახელმწიფო უწყებები იღებენ ტენდერებისთვის ფულს, ვერ ხარჯავენ, ამ ფულს ხსნიან, გარბიან და ახურდავებენ დოლარებში. ამის შემდეგ დოლარზე იქმნება მოთხოვნა, იქმნება დეფიციტი, ლარი უფასურდება და ისინი რჩებიან მოგებაში.
ეს დამოკიდებულია, რამდენად მარიფათიანი ხარ, რომ სახელმწიფოს ხარჯზე კარგად იცხოვრო, საქართველო ხომ მარიფათიანი ხალხის სახელმწიფოა? დღეს ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი სასაცილოა, ვინც ამაზე ლაპარაკობს, არანორმალურად მიაჩნიათ.
მე ვფიქრობ, ახალი წლის დღეებში, უბრალოდ, ერიდებიან ხალხის გაღიზიანებას, თორემ ეროვნული ბანკიც მშვენივრად თაღლითობს... არ მოვერიდები ამ სიტყვებს, მართლა თაღლითობს და მთავრობის სისუსტეებით ძალიან კარგად სარგებლობს.
ახალი წლის შემდეგ ხელისუფლება ლარს სირბილით რომ გამოეკიდოს, მაინც ვერ დააკავებს, ის უცებ გაანგრევს 2-ლარიან ნიშნულს, შემდეგ რა მოხდება, ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო პოლიტიკაზე. აქ ჩვენ უკვე ვაწყდებით ფულის მასის პრობლემას და არა ლარის კურსის პრობლემას.
რომელი ქვეყნის ეროვნული ბანკი ბედავს იმას, რასაც ესენი ბედავენ? კი, ბატონო, გაბედეს, გაუვიდათ და ახლა უფრო მეტს გაბედავენ!“ - აღნიშნა მან.
„ალია“