
საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებელი ნიკა რურუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიიდან კანდიდატთა ნაწილის ამოღების შესახებ ცესკოში მოთხოვნის გაგზავნას მიუღებლად და არასწორად მიიჩნევს.
ამის შესახებ რურუამ "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ სიიდან საკუთარი თანაპარტიელების მათ გაუფრთხილებლად ამოღება, ცესკოსადმი მიმართვით, აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი და არასწორი საქციელია. ასეთი რამ არ ხდება, თუ შენ არ მართავ პროცედურულ ბრძოლას შენივე თანაგუნდელების წინააღმდეგ. ეს მიუღებელი საქციელია“, - აღნიშნა რურუამ.
წამყვანის კითხვაზე - მოქმედებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი ყოფილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სცენარით, რურუამ განაცხადა, რომ არანაირ ინტრიგას არსებულ ვითარებაში არ შეიტანს.
„ნათქვამი გასაგებია. ეს ხელს უწყობს, ახალისებს ივანიშვილის სცენარს, რომ გაანადგუროს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც გაანადგურა სხვა ოპოზიციური პარტიები. დაშალოს, ფრაგმენტაცია მოახდინოს. როგორც გააკეთა ეს ალასანიას პარტიის, ბურჭულაძის პარტიის, „რესპუბლიკური პარტიის“, „გირჩის“ და ასე შემდეგ პარტიების მიმართ. ასე რომ, ეს სცენარი დარწმუნებული ვარ მართლაც არსებობს. ხელი მას არანაირად არ უნდა შევუწყოთ არანაირი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო.
ამიტომაც მე ვთვლი, რომ თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება, იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, საუბარია გარეთ დარჩენილი ხალხის საპარლამენტო სიაზე, ამ სიიდან ხალხის ამოღება არ არის სწორი. არანაირად, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. ხელს უწყობს იმ განუკითხაობას, რომელიც დღეს არის საქართველოს ეკონომიკაში, საქართველოს ზოგადპოლიტიკურ საერთაშორისო მდგომარეობაში, ამაში მათ ხელი არ უნდა შევუწყოთ. ჩვენი პირადი გაბრაზების, სიძულვილის თუ პოლიტიკური მიზნების გამო“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
შეგახსენებთ, სერგო რატიანმა დღეს ცესკოში გაგზავნა მოთხოვნა, ენმ-ს კანდიდატთა ნაწილის სიიდან ამოღების მოთხოვნით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცესკო განცხადებაში გამოთქმულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს ან არ განიხილავს, მოთხოვნის დარეგისტირებიდან სამი დღის შემდეგ სიიდან ავტომატურად ამოვარდება. სერგო რატიანის ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა როგორც ენმ-ს მხარდამჭერების, ასევე პარტიის წევრების მხრიდან.