NIO - ეს წარწერა ქუდის შეფუთვაზე იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნინო ჩხეიძის ბრენდირებული ქუდი ან შეიძინეთ, ან თავად მომღერალმა გაჩუქათ.
ნინო ჩხეიძემ უკვე ქალის 30-მდე ქუდი თავისი ხელით გააკეთა და შედეგითა და გამოხმაურებითაც კმაყოფილია.
"დიზაინერი ხმამაღალი ნათქვამია, რა თქმა უნდა, პრეტენზია არ მაქვს", - ამბობს მომღერალი "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში", სადაც გადაცემის წამყვანსა და სტუმარს - შორენა ბეგაშვილს ორიგინალური ქუდები საჩუქრადაც ერგოთ.
ნინო ჩხეიძემ საკუთარი ბრენდის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაანონსა, ოღონდ, არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას იწყებდა. მაშინ მისმა იდუმალმა წარწერამ ბრენდის ლოგოზე: "მალე..." ბევრი დააინტრიგა - ნინოს ახალი ჰობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
მომღერალი ამბობს: "თბილისში გასართობი ადგილების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საღამოს და ამიტომ თითქმის ყველანი სახლში ვსხედვართ, ჰოდა, მეც აი, ქუდების კეთება დავიწყე, ნერვებსაც ამშვიდებს".
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნინო ჩხეიძის ქუდები საკმაოდ მაღალი მოწონებით სარგებლობს და რამდენიმე უკვე გაიყიდა კიდეც.