
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი გუბერნატორი, ენმ-ს წარმომადგენელი თენგიზ გუნავა იმ პერიოდს იხსენებს, როცა ხურჩაში შსს-ს სგანაგებო დავალებათა სამმართველოს საგუშაგოები იყო განთავსებული, რაც მოსახლეობაზე თავდასხმის პრევენციას ისახავდა მიზნად.
თენგიზ გუნავა ხელისუფლებას არა აღშფოთებისკენ, არამედ მოქმედებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, მკვლელი მოძებნონ და აიყვანონ.
„მინდა გამოვეხმაურო ხურჩაში მომხდარ უმძიმეს ფაქტს! პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოთხოზორიების ოჯახს. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ადრე განთავსებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს საგუშაგო, სადაც 24- საათიანი მორიგეობა მიმდინარეობდა.
სამი წელია, საგუშაგო არ არსებობს, სამწუხაროდ, ივანიშვილისა და ზაქარეიშვილის რუსებთან მაამებლური პოლიტიკის გამო! ჩვენ არ გვქონდა მშვიდი სამუშაო პირობები, ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა მუხანათურად, ღამით თავს გვესხმოდნენ, მაგრამ შესაბამისად ადეკვატურ პასუხსაც ღებულობდნენ ძალიან მწარედ...
მე არ ვამბობ ნიშნისმოგებით, მაგრამ ასე თავხედურად ვერავინ გაბედავდა მოეკლა ჩვენი მოქალაქე. ისიც ვიცი, როცა საგუშაგოების შეკვეცა დაიწყეს, პოლიციელები და სპეცრაზმელები შეწუხებული იყვნენ ამ ფაქტით, ვინაიდან მათ კარგად ესმით საოკუპაციო ზოლთან თუ როგორი კონტროლია საჭირო და რა საფრთხეებია მოსალოდნელი ოკუპირებული ტერიტორიიდან - ისინი ათენებდნენ ღამეებს მანდ და არა ოლიგარქი, თავისი მარიონეტი მთავრობით!
ან ეს რა განცხადება იყო უსაფრთხოების სამსახურის, სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი. მარტო კი არ აღშფოთდეთ, არამედ იმოქმედეთ და აიყვანეთ ის მკვლელი სადაც არ უნდა იყოს... მესმის, დრო დასჭირდება, მაგრამ ღირსების საქმეა, ის უფროსებიც დაარწმუნეთ ამის აუცილებლობაში!“ - წერს თენგიზ გუნავა.