
"ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ქაოსია და ეს არის დახურული სივრცე, რომელიც დაემსგავსა სექტას. ამის შესახებ მან "არჩევანში" განაცხადა.
არმაზ ახვლედიანმა "რეტროგრადთა საუკეთესო წარმომადგენელი" უწოდა ზვიად კვაჭანტირაძეს, ხოლო მანანა კობახიძის შესახებ შეკითხვის დროს განაცხადა, რომ ზოგიერთს ნაკლები გავლენა აქვს პოლიტსაბჭოზე, მაგრამ "ცდილობს ბეჯითად შეასრულოს ყველა დავალება".
არმაზ ახვლედიანის თქმით, "პარტიაში არათუ ავტონომია არ არის, სრული ქაოსია. ვინ იქნება სიაში, რა როგორ იქნება, ამის შესახებ იცის ორმა-სამმა კაცმა". ახვლედიანის თქმითვე, მისი მოლოდინი გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით არ გამართლდა: "კვირიკაშვილი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრემიერია, რადგან ის ვერ გამოვიდა მისი წინა მანდატიდან და ის არათუ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ გავლენასაც ვერ ახდენს მასზე", - აღნიშნა ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, "ქართულ ოცნებას" "მოქალაქეთა კავშირის" ბედის გაზიარება ემუქრება: "დღეს 2016 წელია და მე ზუსტ პარალელებს ვხედავ 2003 წელს მომხდარ მოვლენებთან მიმართებაში".
არმაზ ახვლედიანის განცხადებით, იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩეს, "ერთადერთი გამოსავალი გაყალბებაა. ამისთვის პარტია, ცხადია, ემზადება, რადგან ხედავს მისი რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას, მაგრამ ჩემი აზრით, აქედან არაფერი გამოვა, რადგან, ჯერ ერთი, ამის საკმარისი რესურსი არა აქვთ და მეორეც, ამას საზოგადოება არ დაუშვებს."
"არ გავახარებ უსახურ მეოცნებეებს!", - განაცხადა "არჩევანში" არმაზ ახვლედიანმა.