
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდების პასუხად, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი წერს, რომ "ოცნების" არცერთმა წარმომადგენელმა სტრასბურგში მხარი არ დაუჭირა მოთხოვნას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ, უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფოტოფაქტს უპირისპირებს.
ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავადაა აღბეჭდილი და ხელში პლაკატი უჭირავს. "აფხაზეთის ხმის" შეკითხვაზე, როდისაა ფოტო გადაღებული, ზვიად კვაჭანტირაძე პასუხობს, რომ ფოტო გუშინდელია.
რაც შეხება ჩიორა თაქთაქიშვილს, ის წერს:
"მორიგი სამარცხვინო საქციელი! ქართული ოცნების ა რ ც ე რ თ ი წარმომადგენელი არ დაესწრო დღეს უკრაინის შესახებ უმნიშვნელოვანეს დებატებს ევროსაბჭოში და არცერთმა მათგანმა არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს მოწოდებას წევრი სახელმწიფოებისადმი, რომ სანქციები დაუწესონ სავჩენკოს და სხვა უკრაინელების უკანონო დაკავებაში გარეულ რუს მოხელეებს". - ამის შემდეგ ჩიორა თაქთაქიშვილი აქვეყნებს ბმულს, სადაც სახელობითი კენჭისყრის შედეგებია მოცემული. მოგვიანებით, კომენტარში ჩიორა თაქთაქიშვილი აზუსტებს, რომ სხდომას მხოლოდ ჩიქოვანი დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.
ზვიად კვაჭანტირაძე კოლეგის ბრალდებას ასე პასუხობს:
"ეს ტყუილია. ყველა იქ ვიყავით, ყველა ფეხზე ავდექით პროტესტის ნიშნად და მე პირადად მეჭირა იგივე პლაკატი ხელში. თუ ჩიორამ ეს ნამდვილად თქვა, მას ბოდიშის მოხდა მოუწევს. აი ასე იტყუება ჩიორა. სამარცხვინოა ასე აგდება ხალხის.სამარცხვინო !! შეურაცხმყოფელია.
მე არ მაქვს ხმის მიცემის უფლება, ამიტომ პროტესტი გამოვხატე იმ მაქსიმალური ფორმით, რითაც შემეძლო. ხმის მიცემის დროს შეიძლება დარბაზში ძალიან ბევრი აქტიური მომხრეც არ იყოს, მაგრამ ყველამ იცის, რომ სავჩენკოს საქმეზე წინააღგმდეგი, პრაქტიკულად, არავინაა. ჩვენ სულ 5 ხმა გვაქვს. აქედან 2 ოპოზიციას ეკუთვნის. დანარჩენები ( substitute members) ხმის უფლებით ვერ ვსარგებლობთ.
თავად ნახეთ. ასამბლეაში რამდენი წევრია, რამდენი ქვეყნიდან..... ხმის მიცემის დროს კი უფლებამოსილმა 65 წევრმა მისცა მხოლოდ ხმა. თუმცა სხვებმა პროტესტი აქტიურად გამოვხატეთ.
აი ბატონო, კიდევ ერთი საერთო ხედიდან გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე, სადაც, თუ გაადიდებთ ჩვენც აღმოგვაჩენთ, სხვებთან ერთად, ფეხზე ადგომით და ხელში პლაკატით #freeSavchenkoპროტესტს გამოვთქვამთ საჯაროდ. ჩართვებიც გვქონდა ამ თემაზე და ადრე, სიტყვით გამოვსულვარ სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით და ა.შ...", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.