
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში 25 მარტს დიდი წმენდა დაიწყო. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებამ ერთდროულად რამდენიმე მსხვილი უწყების მიმართულებით გახსნა "ანტიკორუფციული ცეცხლი". პირველი ამ კანონადაში უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი მოჰყვა, რომელიც მთავრობის სხდომაზევე დააკავეს.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით საყვარელიძე აანონსებს, რომელიც უკრაინაში უკვე მუშაობს პასუხსაგებ თანამდებობაზე.
კონკრეტულად, უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის ბრძანებით გენპროკურორის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ, სანამ მათ მიმართ დაწყებული გამოძიება არ დასრულდება.
თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება შეეხო: გენპროკურორის მოადგილეს ო. ბაგანცს, უკრაინის პროკურატურის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ი. შერბინას, განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროს გამომძიებელს ა. მოროზს, ასევე ზედამხედველობის სფეროს ხელმძღვანელს ი, კოვტუნს, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კანონის შესრულებაზე ზედამხედველობა ევალება.