
იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1600 მეტრიანი მონაკვეთი, ინფორმაცია „ტაბულამ“ ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში გაავრცელა.
„ტაბულას“ ინფორმაციით, თუ რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გაბმას ძველი რუკების მიხედვით გააგრძელებდნენ, ოკუპირებულ ზონაში სოფელი ყარაფილაც ხვდებოდა.
ენერგეტიკის სამინისტროში მაშინ ამბობდნენ, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი სოფელ ყარაფილადან 1 კილომეტრში მოშორებით მდებარეობს. მათივე თქმით, თუ რუსები საზღვარს ამ მანძილზე გადმოწევდნენ, მაშინ „საზღვარი“ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან 500 მეტრში გაივლიდა და მაშინ ქვეყანა გაცილებით სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდა.
დღეს რუსი ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების დანახვა ცენტრალური მაგისტრალიდანაც შესაძლებელია. ამას „კურიერში“ გასული სიუჟეტიც ადასტურებს.
ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ სტრატეგიული, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სოფელი ორჭოსანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრალური მაგისტრალის გარეშეა დარჩენილი.
მავთულხლართებით კიდევ ერთი დასახლებაა იზოლირებული. ე.წ. ახალი საზღვრით სოფელი ბობნევია გამოყოფილი.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოფლების კუთვნილი სასაფლაო მავთულხლართების მიღმაა მოხვედრილი. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას სასმელი წყალიც აღარ მიეწოდება.
ოკუპირებულ რეგიონში არსებული სიტუაცია დღეს საკუთარი თვალით შეაფასეს სკანდინავიელმა და ბალტიისპირელმა დეპუტატებმა. ისინი სოფელ ხურვალეთში მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადამიანებს ესაუბრნენ და არსებულ სიტუაციას შემაშფოთებელი უწოდეს.
„ვითარების გაცნობა და საზღვრის გავლების პროცესის ნახვა ხაზს უსვამს იმ ტრაგედიას, რომელიც აქ ხდება. სამწუხაროა, რომ ჩვენი და თქვენი მეზობელი რუსეთი აგრძელებს სხვა ქვეყნების სუვერენული ტერიტორიების მიტაცებას, რაც ძალიან ცუდია ევროპისთვის“, - განაცხადა ლიტვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კალნინომ.