საქართველოს ისტორიაში პირველად ქართული ჯავშანტექნიკა საზღვარგარეთ გაიყიდა: "დელტის" წარმოებული 10 "დიდგორი" და 2 სამედიცინო საევაკუაციო “მედევაკი” კონგომ შეიძინა, - ამის შესახებ "დელტის" დამფუძნებელი ზვიად ციკოლია "ფეისბუქზე" წერს.
"მოკლედ, ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში და მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა!", - წერს ზვიად ციკოლია.
აღსანიშნავია, რომ დიდგორის" სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციამ ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში, საუდის არაბეთის უდაბნოში გამართულ სატენდერო ჩვენებაში გამოიჩინა თავი, სადაც თითქმის ყველა კონკურსანტი ჯავშანმანქანა ამერიკული Ford F550-ის შასიზე იყო შექმნილი (ისევე, როგორც ჩვენი “დიდგორი”), რაც მათ თითქმის ერთნაირ პირობებში აყენებდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა კონსტრუქციულ დეტალებს – თუ რამდენად ეფექტურია ძრავის გაგრილების სისტემა უდაბნოს მაღალ ტემპერატურაზე, ქვიშაში გამავლობის ხარისხი, საკაცეების მოხერხებულად განთავსება და ა.შ.
“დელტაში” ამაზე იზრუნეს და “დიდგორი” სამედიცინო-საევაკუაციო მოდიფიკაციის კონდიციონერით აღჭურვეს, ხოლო უკანა სადესანტო კარი გააგანიერეს, რომ საკაცე შეტეულიყო.
შეგახსენებთ, საქართველოში სამხედრო წარმოების დანერგვა არაერთხელ გამხდარა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების ქილიკისა და ირონიული დამოკიდებულების ობიექტი როგორც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, ასევე მის შემდეგ. მაგალითად, ერთერთ წინასაარჩევნო მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
"აკვიატება და ახირება, სხვა რა შეიძლება უწოდო ლაზიკას პროექტს? ახლა აჩემებული აქვს თუ ტანკი ლაზიკა თუ ქალაქი... სად არის ქვეყანაში ტანკის წარმოების საშუალება? ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ამდენ ტყუილს რომ დაიჯერებს, ამით სააკაშვილი ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებს.''
ირონიული სტატუსები ქართულ სამხედრო წარმოებას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არც ჟურნალისტებისგან მოკლებია. ცალკეული სტატიების გარდა, სკეპტიციზმი პირად მოსაზრებებშიც შეიმჩნეოდა. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის რჩეული ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სხვადასხვა დროს "ფეისბუქზე" წერდა:
''რეფორმებს და შუშის შენობებს ვინ ჩივის, რუსებს თურმე სამხედრო წარმოებაშიც გავუსწარით. რუსებმა "დიდგორი" რომ დაინახეს, "ივეკოს" ბაზაზე თავიანთი "ბეტეერის" შექმნა დაიწყეს, რომელიც ცდილობს, "დიდგორს" დაეწიოს. რუსეთი რომ პოლიციის რეფორმებში, შენობებში, მანქანებში, ეკონომიკურ რეფორმებში გვბაძავს, ეს არ მიკვირს, მაგრამ შეიარაღებაშიც თუ ოდესმე მოგვბაძავდნენ, არ მეგონა.''
''სამხედრო მრეწველობაში ჩვენი წარმატებები ცალკე საუბრის თემაა. უკვე გვაქვს "დიდგორი", "ლაზიკა" და უპილოტო საფრენი აპარატი. თუმცა გეგმები კიდევ უფრო გრანდიოზულია. აბა, პრეზიდენტს (მიხეილ სააკაშვილს, - რედ) მოუსმინეთ...''
''თუ ასე გავაგრძელეთ, ალბათ, მალე ჩვენი ბირთვული პროგრამაც გვექნება. ისე ვართ ამ საქმეში მონდომებულები, აწი აღარაფერი გამიკვირდება...''
''პრეზიდენტის გამკვირვებია: ჯავშანტრანსპორტიორი თუ გყავს, უპილოტო საფრენ აპარატებსაც თუ ვაწარმოებთ და მალე ჩვენი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაც გვექნება, თხუნელამ უნდა შეგვაშინოს?! ამ ყველაფერს მალე რეზერვის სისტემაც დაემატება და ჩვენი მომრევი დედამიწის ზურგზე არავინ იქნება".