
„ვერ წარმომიდგენია, გოგომ ჩემთან მიმართებაში უპატიებელი რამ ჩაიდინოს. დააშავებს და შეიძლება გავლახო, ვეჩხუბო კიდეც. კაცი არ მეგულება, ვისაც ეს არ შეუძლია.
ქალზეც უნდა ასწიო ხელი და კაცზეც. როცა ქალი დამნაშავეა და თან ტლიკინებს, უნდა შემოარტყა, აბა, რა უნდა ქნა?! თუ მიქარავს, წარმომიდგენია, როგორ ვცემ“, – აცხადებს ევროპის ორგზისა და ვიცე ჩემპიონი 22 წლის დავით მარსაგიშვილი.
Sana.ge–ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს: „გოგომ, რომელსაც სერიოზულად შევხედავ, გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი არ უნდა დამიწყოს. ჯერ კაცია და მერე ქალი! მამაკაცის აზრის პატივისცემა უნდა იცოდეს და თავის თავზე ზედმეტი არაფერი უნდა აიღოს. ვფიქრობ, რომ ნორმალური ქალისთვის ეს მისაღებიც უნდა იყოს“.
„რადგან სოფელში გავიზარდე, არ ვფიქრობ, რომ პროვინციული აზროვნება მაქვს. სოფელში ჩამორჩენილი ვიყავი და არც არაფერზე მქონდა პრეტენზია. ნურავინ მიწყენს და, იქ ვერ განვითარდები, რადგან მაინც სხვა ცხოვრებაა. როცა იქ ვიყავი, ინტერნეტიც არ იყო. ასეთ პირობებში, გინდა თუ არა, მაინც ჩლუნგდები. იქიდან თავის დროზე წამოვედი, ფაქტობრივად გადარჩენილი ვარ“, – ამბობს მარსაგიშვილი.
დავით მარსაგიშვილი 1991 წლის 30 მარტს, ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში დაიბადა. არის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2012, 2013) და ვიცე-ჩემპიონი (2011) 84 კგ. წონით კატეგორიაში. 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. 2011 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.