-
2014-03-22 02:26
ჟურნალისტი, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე ტვ „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ტელეფონით ჩაერთო და სტუდიის სტუმრების მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა.
სატელეფონო ჩართვამდე სტუდიაში მყოფმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს საავადმყოფოსთან გურამ დონაძე იდგა და ექსპერტთა გადაადგილებას და მოქმედებებს კურირებდა. მისივე თქმით, ამ ექსპერტებს შორის ლევან ჩაჩუაც იყო.
ამასთან, სტუდიაში მყოფმა და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე თამაზ ბაკურიძემ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის დაპატიმრებულთა შესახებ საუბრის დროს განაცხადა, რომ მისი საკნის გვარდით საკანში უდანაშაულო ადამიანი იხდიდა სასჯელს და იქ გურამ დონაძე უნდა მჯდარიყო.
სატელეფონო ჩართვის დროს ეთერში შეყვანილმა გურამ დონაძემ ზვიად ძიძიგურის ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის საავადმყოფოსთან მართლაც იყო, მაგრამ ექსპერტებს კი არ აკონტროლებდა, არამედ ერთ ადგილზე მობილიზებულ ჟურნალისტებთან კომენტარისთვის უფლებამოსილი პირები მიჰყავდა.
„აფხაზეთის ხმა“ კომენტარისთვის გურამ დონაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „რეაქციაში“ ტელეფონით ჩართვა მის წინააღმდეგ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებების შემდეგ გადაწყვიტა:
„დიახ, მე არ უარვყოფ, რომ იმ დღეს საავადმყოფოსთან ვიყავი. ეს კადრებშიც ჩანს და კარგად ჩანს ისიც, თუ რას ვაკეთებდი. მე ვიყავი შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი და ჩემი მოვალეობა იყო, კოორდინაცია გამეწია მედიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პირების მიყვანის კუთხით, რათა მათ კომენტარები ჩაეწერათ.
სწორედ ამით ვიყავი დაკავებული და ის ბრალდება, რაც ჩემს წინააღმდეგ ზვიად ძიძიგურმა გამოთქვა, არის, უბრალოდ, ტყუილი. მე მზად ვარ ჩვენება ამ საქმეზეც მივცე პროკურატურას, როგორც არაერთ სხვა საქმეზე მიმიცია.
რაც შეეხება ბაკურიძის განცხადებას, რომელიც ციხეში იჯდა (რისთვის იჯდა, ეს ცალკე თემაა) და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსით გველაპარაკება, ის არის მატყუარა. ჯერ ერთი, თუ უდანაშაულო კაცი ციხეში იჯდა, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და მე მივმართავ აუცილებლად, რომ გამოიძიოს და მეორეც, მე სად უნდა დავმჯდარიყავი, ამას მართლმსაჯულება გადაწყვეტდა, თუ დამნაშავედ ჩამთვლიდა და არა ბაკურიძე“, - უთხრა გურამ დონაძემ „აფხაზეთის ხმას“.