
საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიციას, როგორც მაღალი მორალური სტანდარტიდან გაცხადებულს, პატივს სცემს, მაგრამ არ იზიარებს, აქედან გამომდინარე, ლადო ბედუკაძესთან მიმართებაში მიღებული მისი გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
მთავარი პროკურორი ასევე ამბობს, რომ ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული განსაკუთრებული ზომის შესახებ პრემიერმინისტრმა არ იცოდა.
მისი თქმით, ამ საკითხის განხილვისას საქმის დეტალების შესწავლა სამართლებრივი კუთხით მიმდინარეობდა: "ეს იყო უშუალოდ მთავარი პროკურორის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. საქმე არ ყოფილა განხილული პოლიტიკური კუთხით და, შესაბამისად, ამის შესახებ არ იცოდნენ არც პრემიერმა და არც სხვა პოლიტიკოსებმა, მათ შორის იუსტიციის მინისტრმაც.
რაც შეეხება პრემიერმინისტრის პოზიციას, ეს მორალის საკმაოდ მაღალი სტანდარტიდან გაცხადებული პოზიციაა. მე მქონდა მასთან საუბარი ორი-სამი დღის წინ, როცა იგი ამ თემით დაინტერესდა და ის არგუმენტები, რაც თქვენ წარმოგიდგინეთ, მასაც გავუზიარე. მისი აზრი არის დაახლოებით ასეთი, რომ ისეთი დანაშაული, როგორიცაა წამება, არ შეიძლება შეწყნარებულ იქნას.
მე არ შემიძლია პატივი არ ვცე ამ აზრს, რადგან ეს არის მორალის ყველაზე მაღალი ზღვარი. მაგრამ საქმის განხილვისას მე ჩავთვალე და ახლაც ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მორალის მაღალი სტანდარტის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო, რადგან ასე უფრო სამართლიანი იქნებოდა", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.