
ბორჯომის ცენტრში ახალციხის პოლიციის ყოფილი უფროსისათვის ბრალის მოხსნას აპროტესტებენ.
150-მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა თბილისისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იმყოფებიან.
„ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ზურა ხაჩიძის განმარტებით, ეს აქცია არავისგან მართული არ არის. ეს არის ადგილობრივების პროტესტი, რომელსაც „ქართული ოცნებაც“ შეუერთდა.
„ვაპროტესტებთ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას. აქციის მონაწილეები ვფიქრობთ, რომ სასამართლო არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში და ამიტომ დადგა ეს განაჩენი“, - განუცხადა ხაჩიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“.
აქციის მონაწილეები მამუკა ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების ციხეში დაბრუნებას ითხოვენ.
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში მამუკა ხვედელიანი და მის საქმეში ოთხივე ბრალდებული: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე, რომელთაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.