
დაახლოებით ხუთი თვის წინ სკანდალური შემთხვევა მოხდა ქვეითთა მეორე ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის ანაზღაურების თვალსაზრისით, რომელიც დღემდე არაა გამოძიებული.
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებს, ხელფასის გაცემის დღეს, ანუ იმ დროს, როცა, როგორც წესი, მათი კუთვნილი თანხა მათსავე პირად ანგარიშზე უნდა დარიცხულიყო (როგორც ეს ხდებოდა გასული და მომდევნო თვეების შესაბამის რიცხვში), ბანკომატზე ანგარიშის შემოწმებისას იქ თანხა არ დახვდათ. თანხა არ აღირიცხებოდა არც მეორე და მესამე დღეს, ამავე დროს, სამხედრო მოსამსახურეებმა გაარკვიეს, რომ ხელფასი სხვა ჯარისკაცებს დაერიცხათ და თანხა ანგარიშზე მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცს არ ერიცხებოდა.
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის რამდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის ისიც, ვინც მომხდარი ფაქტის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შეატყობინა, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მივიდნენ, რათა ვითარება გაერკვიათ.
ჯარისკაცი, რომლის ვინაობას გარკვეული მიზეზების გამო არ ვასახელებთ, დაინტერესდა, რატომ არ ირიცხებოდა თანხა მის ანგარიშზე, რის შემდეგაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში უპასუხეს, რომ მისი კუთვნილი თანხა გადარიცხული იყო „აჭარაბეთის“ ანგარიშზე და ეს საკითხი ნაწილის ხელმძღვანელობასთან უნდა გაერკვია. ასევე უპასუხეს სხვა ჯარისკაცებსაც, რომელთა კუთვნილი თანხა ანგარიშებზე არ ირიცხებოდა.
რადიო „აფხაზეთის ხმის“ წყარო აცხადებს, რომ არც ინტერნეტბანკით, არც სხვა საშუალებებით, „აჭარაბეთის“ ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს, ამიტომ მისთვის ეს პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა. არანაკლებ გაოცებული იყვნენ სხვა ჯარისკაცებიც - ისინიც აცხადებდნენ, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდათ „აჭარაბეთთან“ და არც თანხა გადაურიცხავთ.
ჯარისკაცებს ბანკში განუცხადეს, რომ საკითხის გასარკვევად ფინანსური პოლიციისთვის უნდა მიემართათ, მაგრამ თავისუფალი დროის უქონლობის გამო ფინანსურ პოლიციაში არავინ მისულა.
წყაროს თქმით, ეს საკითხი დღემდე ღიაა და მისი გამოძიებით არავინ ინტერესდება. ანუ, 2013 წლის ოქტომბრის სახელფასო ანაზღაურება მეორე ქვეითთა ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის რამდენიმე წევრს ამ დრომდე არა აქვს მიღებული.
მომხდარის შესახებ სოციალური ქსელის მიმოწერის საშუალებით ჯარისკაცების ახობლებმა არაერთხელ მიმართეს ირაკლი სესიაშვილს, მაგრამ მათ პასუხი არ მიუღიათ.
სად გაქრა 2013 წლის ოქტომბრის სახელფასო ანაზღაურების ნაწილი, რომელიც ბრიგადის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს უნდა მიეღო? როგორ მოხდა, რომ თანხა, რომელიც პირად ანგარიშებზე უნდა მოხვედრილიყო, „აჭარაბეთის“ ანგარიშზე აღმოჩნდა ჩარიცხული? იყო თუ არა ამ ქმედებაში ჩარეული თავდაცვის სამინისტრო ან „საქართველოს ბანკი“, რომელსაც უნდა უზრუნველეყო თანხის ჩარიცხვა პირად ანგარიშებზე?
ამ და სხვა საკითხების გასარკვევად თავდაპირველად „აფხაზეთის ხმა“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ არცერთი სამხედრო მოსამსახურის ხელფასის ჩარიცხვის დროს არც მითითებულ პერიოდში (2013 წლის ოქტომბერი), არც სხვა დროს, შეფერხებები არ ყოფილა:
„ყველა სამხედრო მოსამსახურეს, დანიშნულებისამებრ, ჩაერიცხა სახელფასო ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შეფერხება არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, თუ სად გადამისამართდა ან გადამისამართდა თუ არა სხვაგან თანხა, ეს უშუალოდ ბანკშია გასარკვევი, ამასთან სამინისტროს შეხება არა აქვს.
არცერთ სამხედრო მოსამსახურეს ჩვენთვის ვითარებაში გარკვევის თხოვნით არ მოუმართავთ. თუ მათ აქვთ პრეტენზია, შეუძლიათ მოგვმართონ ან გამოგზავნონ კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამ ეტაპზე განცხადება ჩვენთან შემოსული არ არის“, - აცხადებენ თავდაცვის უწყების პრესსამსახურში.
„აფხაზეთის ხმა“ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დაუკავშირდა „აჭარაბეთსაც“, სადაც ოპერატორმა ადმინისტრატორთან გადაგვამისამართა. ანას, როგორც გაგვეცნო ადმინისტრატორი, ავუხსენით, რა საკითხზე გვინდოდა კომენტარის მიღება ადმინისტრაციის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებისგან და შევასრულეთ მისი თხოვნაც - ჩავაწერინეთ ჩვენი საკონტაქტო ნომრები.
ის ვითარებაში გარკვევისთანავე დაკავშირებას დაგვპირდა, თუმცა, ჩვენი ზარიდან ორი საათის განმავლობაში არ შეგვხმიანებია.
აქვე დავძენთ, რომ „საქართველოს ბანკიდან“ ან „აჭარაბეთიდან“ კომენტარის მიღების შემთხვევაში, რადიო „აფხაზეთის ხმა“ მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.