
რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ თუკი დავით ნარმანია უფრო ღირსეული კანდიდატით არ შეიცვლება, შესაძლოა, თბილისელების უმრავლესობა არჩევნებზე არ მივიდეს და „ნაციონალების“ მობილიზაციამ „ცუდი შედეგი“ გამოიღოს.
გია კორკოტაშვილი ხელისუფლებას „მეგობრული რჩევით“ მიმართავს, მისცეს საშუალება თბილისს, აირჩიოს საკრებულო და ღირსეული პიროვნება:
„ხელისუფალს მინდა მივმართო, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელიც შიგნიდან კარგად ხედავს იმ ტკივილს, რომელსაც ნორმალური ხალხი ატარებს გულში. სიტუაცია ლარივითაა დაჭიმული, ეს რამ გამოიწვია, ამ ყბადაღებულმა კოჰაბიტაციამ, სამართლის აღდგენის დროში გაწელვამ, საბოტაჟმა, რომელიც ხორციელდება იმ მეტასტაზებისგან, ვინც ისევ მართვაშია(რა ნიშნით ოღონდ ვერა ვხვდები) დარჩენილი თუ სხვა მიზეზებისგან კარგს არაფერს უქადის ჩემს ქვეყანას.
ყველა ვცდილობთ, ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ჩიხიდან გამოსავალი არ შევთავაზოთ. მე მინდა ჩემი აზრი მოვახსენო და შევთავაზო ხელისუფალს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას წინააღმდეგ ქალაქმა თავის კანდიდატურა არ თუ ვერ დააყენა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს არ დაუპირისპირდა.
ეს გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს არჩევნებზე. „ნაციონალები" თავის ელექტორატით სრული შემადგენლობით მივლენ და შეიძლება მოხდეს ცუდი რამ ერთმანეთის ჯიბრით.
ქალაქს უნდა მისცეს საკრებულოს არჩევის უფლება ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში გამარჯვებაც გარანტირებული იქნება და ჰარმონიულადაც წარიმართება ცხოვრება ამ ქალაქში. ვთხოვ ხელისუფალს გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და მიიღოს როგორც მეგობრული რჩევა, ნუ გაღიზიანდებით იმიტომ, რომ ამ ქალაქში საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც „ოცნების" წევრი არ არის და არანაკლები მეტი თუ არა მამულიშვილია. მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს", - წერს კორკოტაშვილი.