-
2014-03-16 03:18
14 მარტს დაკავებული კუდ–ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელსაც ხელს ასევე აწერს დაკავებულის ადვოკატი რომეო საჯაია, ლევან ქარდავა გამოძიების მხრიდან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტს ასახელებს.
„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად, სტილის დაცვით გთავაზობთ ლევან ქარდავას განცხადებას, რითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს:
ბრალდებულ ლევან ქარდავას განცხადება:
მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახლხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს. დაპატიმრებული ვარ უკანონოდ და ჩემს მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.
გამოძიება ჩემგან ითხოვს ცრუ ჩვენების მიცემას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ. კერძოდ, თითქოსდა ივანე მერაბიშვილი დავალებებს აძლევდა დათა ახალაიას ადამიანების ლიკვიდაციაზე, რასაც საზოგადოებაში შიში უნდა დაენერგა, ხოლო თავის მხრივ დ. ახალაია ასრულებდა ამ დავალებებს.
მათ უნდოდათ, რომ მე მეთქვა, თითქოსდა ასეთი დავალებების მიცემას მე ვესწრებოდი და პირადად მომისმენია. ეს ყოველივე არ შეესაბამება სინამდვილეს და ამ შემოთავაზებაზე მე უარი განვაცხადე, რის გამოც ვიდევნები ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან. ასევე მთხოვდნენ, დანაშაულებები დამებრალებინა ბაჩანა ახალაიაზე.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვითხოვ დაცული იქნეს ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება.
ლევან ქარდავა, 2014 წლის 14 მარტი."
