
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ონლაინ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი ევგენი ნაიდოვი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად.
თავის მხრივ, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შექმნილ კრიზისულ ვითარებაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალ ინსტრუმენტებზე, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე და მიკროგრანტების პროგრამაზე, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაშია ასახული და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან შემდგომი თანამშრომლობა და მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.