
პრაღის მერს, ჟდნეკ ჰრჟიბს 24 საათის მანძილზე პოლიცია იცავს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა ჩეხურმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ მის მოწამლვას რუსული სპეცსამსახურები აპირებენ.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ბიურო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურები მაღალჩინოსნის მოწამლვას ნივთიერება რიცინით აპირებდნენ. ამასთან მედია დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები სამი კვირის წინ ჩეხეთში ჩავიდნენ და მათ ჩემოდანში ზემოთ აღნიშნული ნივთიერება აღმოაჩნდათ.
ცნობისთვის, ჰრჟიბის გადაწყვეტილებით, პრაღაში, მოედანს, რომელზეც რუსეთის საელჩოა განთავსებული, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა. სწორედ, აღნიშნულს უკავშირებს მედია მოსკოვის გაღიზიანებას.