
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, -ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.
როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ახალი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მსუბუქი მიმდინარეობისაა.
„დღეს დილის ინფორმაციით, 130 კვლევის ნიმუში დასრულდა, დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრციდან გვაქვს, რომელიც თურქეთიდან დაბრუნდა.
დღეის მდგომარეობით, სულ 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გუშინ ოთხი გამოჯანმრთელებული დაგვემატა“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.
მისივე განმარტებით, აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით, ზოგადად მდგომარეობა კონტროლირებადია.
„ქობულეთში, სოფელ გვარაში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია მიღებული, 42 პირს თვითიზოლაციის პერიოდი მოეხსნა",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.