
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ დაახლოებით 15 პაციენტის გამეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან. რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში კვლავ რვა პაციენტი რჩება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 105 პაციენტი, აქედან 86 არის ინფიცირებული შემთხვევა. დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული ანალიზი და მოვიდა უარყოფითი პირველადი პასუხი. დღეს მეორადი ანალიზია გაგზავნილი და ველოდებით პასუხს და ალბათ, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას, თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა. რეანიმაციაშია რვა პაციენტი. ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ის რჩება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება დანარჩენების მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან სხვადასხვა განყოფილებებში. არ ვლინდება გართულებები. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს. ახალი შემთხვევა არ გვყოლია“,- განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, გუშინ ჩატარდა მასიური PCR ტესტირება კლინიკის თანამშრომლების და არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი.