
ქართველ მეზღვაურთა 23-კაციანი ჯგუფი დღეს დანიაში გაემგზავრა. ამავე რეისით სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამგზავრებამდე ქართველმა მეზღვაურებმა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს. სპეციალური რეისი კოპენჰაგენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით დაინიშნა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, Elvictor Crew Management Service ქართველი მეზღვაურების, მათ შორის კადეტების, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ქართველ მეზღვაურთა ჯგუფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გააცილა. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურად მუშაობს შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართული ეკიპაჟის წევრების რეპატრიაციასთან დაკავშირებით და მეზღვაურთა დაბრუნების საკითხის გადაწყვეტას ინდივიდუალურ რეჟიმში ახორციელებს.
„პანდემიის პერიოდში მეზღვაურები, ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები, ფრონტის წინა ხაზზე არიან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) მიიჩნევს, რომ კრიზისის გადალახვა შეუძლებელი იქნება საზღვაო ტრანსპორტისა და გადაზიდვების მხარდაჭერის გარეშე. IMO-ს გენერალურმა მდივანმა სახელმწიფოებს მისცა რეკომენდაცია მეზღვაურის პროფესია განიხილონ ე. წ. „საკვანძო პროფესიად” და ხელი შეუწყონ მეზღვაურთა როტაციას გემებზე. საქართველოსთვის მეზღვაურები საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებად რჩებიან. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, საქართველოს ნავსადგურებში ქართული ეკიპაჟის შეცვლის პროცესი არც პანდემიის პირობებში შეფერხებულა,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველო კრიზისის პირველივე დღეებიდან ზრუნავს მეზღვაურებზე და დროულად და თანმიმდევრულად დგამს საპასუხო ნაბიჯებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისშივე საქართველო ერთერთი პირველი საზღვაო ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც გემზე მყოფი მეზღვაურების დოკუმენტაციის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.