
ამერიკული სარაკეტო–საესკადრო ნაღმოსანი „ტრაქსტონი“ რუმინულ პორტ კონსტანცაში შევიდა, – ამის შესახებ „მეხუთე არხი“ იტყობინება.
ნაღმოსანი შავ ზღვაში რუმინეთის მოწვევით, ერთობლივი სწავლების ჩასატარებლად შევიდა. "თრაქსტონის" კაპიტანმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაღმოსნის შემოსვლის მიზანი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ფლოტის ფლაგმანმა „მასკვამ“ კურსი ოდესისკენ აიღო.
რაც შეეხება ამერიკულ ნაღმოსანს, „ტრაქსტონი“ ამერიკის შეერთებული შტატების ავიამზიდთა დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაშია, რომელსაც „ჯორჯ ბუშ–უმცროსი“ ფლაგმანობს. ის ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება.
ამ ჯგუფში შედიან ასევე Air Wing 8 გადამზიდავები, ნაღმოსანი „რუზველტი“ და კრეისერი „ფილიპინის ზღვა“.