
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ეკლესიებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და მათ რეკომენდაციით მიმართავს, რომ „წელს დღესასწაულების ფორმატი შევცვალოთ“.
„ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული- აღდგომა, მისი წინა დღეები და მერე შვიდეული - ეს საქართველოში ტრადიციულად დიდი შეკრებების მიზეზი გახლავთ. ამიტომ, საზოგადოებისადმი ჩვენი რეკომენდაციები არის ძალიან დიდი თხოვნით და მოწიწებით, რომ წელს ჩვენ დღესასწაულების ეს ფორმატი შევცვალოთ იმიტომ, რომ ვდგავართ დიდი საშიშროების წინაშე, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა მერე რთული იქნება, გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ არის უმორჩილესი თხოვნა, რომ ამ პერიოდში ეკლესიებში წასვლისგან თავი შევიკავობთ, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები და მამაოები ილოცებენ ჩვენთვის და ეს ლოცვა დარწუნებული ვარ, უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი ადგილზე მისვლა ტაძარში. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, თუმცა ექიმი ვარ და ამ საშიშროების შესახებ უნდა გითხრათ “,- განაცხადა გამყრელიძემ.