-
2014-02-19 09:57
ზუგდიდში გუშინ, ღამის საათებში დაკავებული და თბილისში გადმოყვანილი, ანაკლიის სასტუმრო „ოქროს საწმისის“ მენეჯერი გია წურწუმია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის საკრებულოს წევრია.
ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, შსს-ს გენინსპექციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაცმოძრაობის მხრიდან ზუგდიდის გამგებლობისსავარაუდო კანდიდატმა თენგიზ გუნავამ უთხრა.
თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ გია წურწუმიას დაკავება ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დარღვევით მოხდა და მისი დაკავების შესახებ არც ოჯახის წევრებმა, არც საკრებულოს თავმჯდომარემ არაფერი იცოდნენ:
„ღამით აიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ დაარეკინეს მეგობართან, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავერთეთ და ადვოკატის გაგზავნა დავაპირეთ, სასწრაფოდ თბილისში გადაიყვანეს. ბრალდებაც კი არაა დაზუსტებული, სავარაუდოდ, დოკუმენტაციის გაყალბებას ედავებიან, რაც აბსურდია. გია წურწუმია ჩემი საარჩევნო შტაბის წევრი იყო და მისი დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა - ყველას იჭერენ ჩემს ირგვლივ, ვისაც რაიმე შეხება აქვს ჩემთან“, - ამბობს „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში თენგიზ გუნავა.