ზაზა ბიბილაშვილი: "ოდიოზური" სახეები რომც დამალო, მოძალადის სტიგმა ახალ სახეებზე გადავა

Image

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" ეხმიანება გიგი უგულავას საჯარო წერილს და გამოხმაურების გარდა, საკუთარ მოსაზრებას იმასთან მიმართებაშიც აყალიბებს, რატომ წააგო არჩევნები ენმ-მ და რა უნდა ქნან პარტიამ და მხარდამჭერებმა ახლა.

ზაზა ბიბილაშვილი ენმ-ს დამარცხებასთან დაკავშირებულ ყველაზე გახმაურებულ მოსაზრებებს განიხილავს და წერს, რომ პარტიის ტაქტიკა, უგულებელყო პროპაგანდისტული კლიშე და უარი ეთქვა მასთან ბრძოლაზე, გამართლებული არ აღმოჩნდა, რადგან, როგორც წესი, მოძალადის სტიგმა, რომელიც მიეწება ძველ სახეებს, მისი ჩამოურეცხაობის გამო გადავიდა ახალ სახეებზეც.

 

რაც შეეხება მოძალადის სტიგმის საწინააღმდეგოდ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის გამიზნულ ტერმინ "უნიათოს", მან არ გაამართლა, რადგან "მოძალადე" VS "უნიათო" ნიშნავს, რომ "უნიათოები" მოიგებენ 2016, 2020 და 2030 წელსაც. ზაზა ბიბილაშვილის აზრით, ივანიშვილის ხელისუფლებასა და ზოგადად, გუნდს უნდა ეწოდოს ის სახელი, რაც მათ დაიმსახურეს - მოღალატეები. 

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ზაზა ბიბილაშვილის წერილს:

 

"გიგი უგულავას სახელით წუხელ გავრცელებული წერილი შეიძლება 2 ნაწილად დავყოთ - (1) რატომ წავაგეთ; და (ბ) რა უნდა გავაკეთოთ ახლა.

 

ფორმალური თვალსაზრისით, მეორე ნაწილის შინაარსი საკამათო არაა და არც რაიმე რევოლუციურს გვთავაზობს. მაგრამ როცა ის ებმის წაგების მიზეზებს, ეს ნაწილი სხვა კონტექსტს იძენს.

 

რატომ წავაგეთ?

 

ერთნი შედეგს ობიექტური გარემოებებით ხსნიან, რომელზე გავლენასაც ჩვენ ვერ მოვახდენდით - მაგალითად, იმით, რომ ქართველი ერი მანდატს 8-10 წლით იძლევა და ჯერ არ დაღლილა ივანიშვილით.

 

მეორენი ისეთ გარემოებებს აქცევენ ყურადღებას, რომელიც წინასწარ განჭვრეტადი იყო. ასეთია ივანიშვილის მიერ არჩევნების გაყალბება მრავალი არქაული თუ ნოვატორული მეთოდით. ასეთია ის ფაქტი, რომ არჩევნების წინა პერიოდში ოცნების წინასაარჩევნო კამპანია რეალურად მხოლოდ ირაციონალური შიშების კულტივაცია იყო (რაც გამოხატებოდა ერთი შეხედვით სულელური გამოძიებების დაანონსებაში, ბედუკაძის მიერ რუსი „კონსულტანტების“ დახმარებით გადაღებული ჰეროკრატიის ეთერში გაშვებაში და ბოლოს, ტერაქტში). ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო (კონკრეტულად ტერაქტი არა, მაგრამ 2012 წლის არჩევნემადე ოცნების ხელწერა გვაჩვენებდა, რომ არ არსებობს არაფერი, რაზეც ეს ძალა უკან დაიხევს). ამ ფაქტორების პრევენცია არ მომხდარა. ჩავთვალეთ, მათი პრევენცია შეუძლებელია და იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ოცნების ტაქტიკა საკმარისად არ იმუშავებს, რადგან ჩვენ პოზიტივზე ვილაპარაკებთ.

 

მესამენი სუბიექტურ მხარეებზე საუბრობენ და ხელს სააკაშვილისკენ იშვერენ (ყველაფერი სწორად იყო დაგეგმილი, უბრალოდ სააკაშვილის ფაქტორმა გამოიწვია მომხრეთა დაბნევა, მოწინააღმდეგის მობილიზება და, საბოლოო ჯამში, წაგვაგებინა არჩევნები).

 

გიგი უგულავას სახელით გუშინ გავრცელებული წერილის პირველ - საკამათო - ნაწილში საუბარია იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც შეეძლო გამარჯვება; რომ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? რომ გაურკვევლობამ ამ თემის გარშემო შექმნა წარმოდგენა, რომ ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოებას სთავაზობს სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა.

 

ეს გაურკვევლობა მართლაც შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი ამომრჩეველთა კონკრეტული სეგმენტისთვის, მაგრამ დამარცხების მთავარი სუბიექტური მიზეზები მაინც სხვა რამ მგონია. რამდენიმედან, მხოლოდ ორს გამოვყოფ:

 

პირველი, ეს არის კაპიტულაცია იდოლოგიურ ომში.

 

ნაციონალურმა მოძრაობამ ნებით თუ უნებლიეთ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო არჩევნები ერთი მხრივ „მოძალადეებსა“ და მეორე მხრივ „უნიათოებს“ შორის.

 

ჩვენ შევირგეთ მკვლელისა და მოძალადის სტიგმა, რომელიც მოგვაწება ბედუკაძის, რაფალიანცის, კიწმარიშვილისა და თათუხაშვილის ავტორმა ძალამ - და სანაცვლოდ ივანიშვილს ვაჩუქეთ „უნიათოს“ სტიგმა (და ეს მაშინ, რომ ივანიშვილმა თავის ყველა მიზანს მეთოდურად ასრულებდა, უნიათო ის მხოლოდ იმ სფეროებში იყო, რომელიც მას არც აინტერესებდა).

 

ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ მოწებებული სტიგმის ჩამორეცხვა არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მიზანი, რადგან ეს მოწინააღმდეგის „ტერიტორიაა“, ან რომ ამაზე ლაპარაკი ჩვენთვის წამგებიანია (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ომი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მთავრდება).

 

არადა, როცა არჩევანია „მოძალადესა“ და „უნიათოს“ შორის, ეს უკანასკნელი ყოველთვის მოიგებს - 2016-შიც, 2020-შიც და 2030-შიც. ამას დიდი მარჩიელობა არ უნდა.

 

უკიდურესი მიამიტობაა ფიქრი, რომ თავზე ნაცრის წაყრა ან პერსონაჟების გადამალვა ხალხს პროპაგანდისტულ კლიშეს დაავიწყებს: სტიგმა ხომ პიროვნული არაა. სტიგმა მთელ პარტიაზე ვრცელდება. ყველა „ოდიოზური“ სახე რომ დამალო, სტიგმა ახალ სახეზე გადავა. სწორედ ამისთვისაა ის შექმნილი.

 

დიახ, ამომრჩეველი მომავალს აძლევს ხმას, მაგრამ ის, ვინც მკვლელად ან მოძალადედ დაგიხატეს, ვერასდროს გახდება „მომავალი“ - პოტენციურადაც კი - სანამ ამ სტიგმას არ ჩამოირეცხავს. რაც მთავარია, “უნიათობა“ დანაშაული არ არის. ეს კლიშე მუხტს არ ქმნის და ემოციას არ აღძრავს. თანამედროვე არჩევნებს კი, არათუ საქართველოში, არამედ უკვე განვითარებულ, რაციონალურ ქვეყნებშიც, ემოცია იგებს.

 

ამდენად, ჩვენ უნდა დაგვემარცხებინა მოძალადის სტიგმა და მოწინააღმდეგისთვის გვეწოდება არა უწყინარი „უნიათო“, არამედ ის, რაც ოცნება რეალურად არის - რუსი ჯაშუშების პოლიტპატიმრად შემრაცხავი, საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის რუსეთისთვის გადამცემი, თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინისთვის მხარდაჭერის არგამომცხადები, ღირსების მწვანილში გამცვლელი ძალა. ერთი სიტყვით, მოღალატეები.

 

დამარცხების მეორე სუბიექტური მიზეზი იყო ემოციური ელემენტის მწვავე დეფიციტი ჩვენს კამპანიასა და გზავნილებში.

 

ხშირად ამბობენ, რომ ახლა საზოგადოებაშ მუხტი არ არის და რა გინდათ რომ ქნათო? ჯერ ერთი, მუხტი არის. უბრალოდ ეს მუხტი არ არის საზოგადოების კრიტიკულ მასაში. მაგრამ მთავარი სხვაა - რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ მუხტი გაჩენილიყო? მუხტის გაჩენის ობიექტური საფუძველი ხომ საკმარისზე მეტი გვქონდა.

 

დიახ, ხალხს აწუხებს პენსიები, მაგრამ პენსიები მუხტს არ ქმნის. ხალხს აწუხებს სამუშაო ადგილები, მაგრამ არც სამუშაო ადგილები ქმნის მუხტს. ამისთვის საჭიროა კიდევ რაღაც, რაზეც ჩვენ ნებაყოფლობით ვთქვით უარი და დავიჯერეთ, რომ ივანიშვილის ბნელ რეჟიმს, რომელიც ადამიანთა ირაციონალური შიშებით მანიპულირებს და რომელიც რუსულ პროპაგანდაზე დგას, რაციონალური არგუმენტებითა და დაპირებებით დავამარცხებდით.

 

2012 წელს, კვლევებზე დაფუძნებით, ვამბობდით, რომ ე.წ. „სამართლიანობის აღდგენა“ თითქმის არავის აინტერესებდა. არადა, სწორედ ამ თემამ შექმნა მუხტი, მოახდინა ხალხის მობილიზაცია და გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. მიუხედავად ამისა, ზოგი დღემდე თვლის, რომ ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნები უფასო ფულისა და 100 ახალი ქარხნის დაპირებით მოიგო. ცხადია, ესეც იყო ფაქტორი, მაგრამ მხოლოდ ამ დაპირებებით ის არჩევნებს ვერასდროს მოიგებდა. ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც მანამდე არასდროს მისულა არჩევნებზე და რომლებმაც საჭიროდ ჩათვალეს 2012 უბნებზე გამოცხადება, 100 ახალ ქარხანას არ აძლევდა ხმას. არც მხოლოდ „უფასო ფულის“ იმთავითვე თაღლითური დაპირებით იყო მოტივირებული. მათი მოტივაცია ემოცია იყო - ამ შემთხვევაში, ხელოვნურად ინსპირირებული სიძულვილი.

 

შევაჯამებ:

 

დიახ, ამომრჩეველს უნდა მომავალი. მაგრამ მკვლელი და მოძალადე ვერასდროს იქნება „მომავალი“. ის, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია და უნარი არავითარ ეჭვს არ იწვევს ამომრჩეველში. არც ის, რომ ჩვენ ეკონომიკასაც ავამუშავებთ, პენსიებსაც გავზრდით, სამუშაო ადგილებსაც შევქმნით და ლარის კურსსაც დავაბრუნებთ ძველ ნიშნულზე. დღეს პრობლემაა შიში, რომელიც პროპაგანდის შედეგია. და შიში უნდა გავაქროთ არა თავის ქვიშაში ჩარგვით და კონკრეტული ინდივიდების „გადამალვით“, არამედ მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) პროპაგანდასთან ბრძოლით.

 

დროა, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ჩვენ არც მკვლელები ვართ და არც მოძალადეები. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც 2003 წელს ქვეყანა მკვლელებისგან და მოძალადეებისგან, მექრთამეებისგან და მოღალატეებისგან გავათავისუფლეთ. ახლა კი ხელისუფლებაში ბედუკაძის, კიწმარიშვილის, თათუხაშვილის და რაფალიანცის ავტორები, მტრისთვის საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გადამცემები და რუსი ჯაშუშების პოლიტპატიმრად შემრაცხავი მოღალატე ძალაა.

 

სწორედ ესაა არჩევანი და არა „მოძალადე vs. უნიათო“!

 

ასე რომ, ნუ მოვიწყენთ და ნუ ვიქნებით მინიმალისტები. ნუ დავკმაყოფილდებით იმით, რომ „ეფექტურად ხელი შევუშალოთ ოლიგარქის მიერ ქვეყნის სრულ პრიხვატიზაციას“. დავისახოთ მიზნად ქვეყნის მისგან გათავისუფლება.

 

მომავალ არჩევნებამდე".

 

ზაზა ბიბილაშვილი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !