
54 წლის ზურაბ ხურციას ცხედარს, რომელიც კიევში, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე გუშინ იპოვეს, ძალადობის ნიშნები არ ეტყობა. ის, სავარაუდოდ, გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა.
ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომლის წარმომადგენელი უკვე ესაუბრა მილიციის განყოფილების ხელმძღვანელობას და ცხედარიც დაათვალიერა. ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ხურცია დიაბეტით იყო დაავადებული და გულიც აწუხებდა - მას ჯიბეში ვალიდოლი უპოვეს.
ზურაბ ხურცია ორი წელია, უკრაინაში იმყოფება. ის იქ მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. თავად გარდაცვლილი წარმოშობით გაგრიდანაა, მისი დედ-მამა და და-ძმა სენაკში ცხოვრობენ.
პარტია „უდარის“ პრესცენრტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კიდევ ერთი გარდაცვლილი აქტივისტი ქალი ასევე საქართველოს მოქალაქეა, არ დასტურდება.