-
2016-08-09 18:18
ხობში პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ათეულობით ადამიანმა, მათ შორის, ერთერთმა დამფუძნებელმა კახა ბუკიამ დატოვა. ინფორმაციას "თაიმერი" ავრცელებს.
"თაიმერის" ცნობით, კახა ბუკია, ამავდროულად პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. მისი თქმით, პარტია 80-მდე ადამიანმა დატოვა. როგორც კახა ბუკია ამბობს-პარტია მათ იმიტომ დატოვეს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი აღმოჩნდა. ჯერჯერობით ისინი სხვა პარტიაში გადასვლაზე არ საუბრობენ.
პარტიიდან წევრების წასვლის სხვა მიზეზს ასახელებს "სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში კოტე კემულარია. მისი თქმით, კახა ბუკია და კიდევ რამდენიმე ადამიანი გუშინ გაუშვეს პარტიიდან და მათ ამის შესახებ ეცნობათ. კახა ბუკია, კემულარიას განცხადებით, ამ პარტიაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ამ პარტიიდან აპირებდა კენჭისყრას გოდერძი ბუკია, თუმცა გოდერძი ბუკია მაჟორიტარობის კანდიდატად სახელისუფლებო გუნდმა დაასახელა.