
ტერნოპოლში აქტივისტებმა მილიციის შენობა აიღეს და 40-დე მილიციელი დააკავეს. ისინი ეზოში გამოიყვანეს და სირცხვილის კორიდორში გაატარეს.
ამის შემდეგ ტერნოპოლის მილიციამ გაათავისუფლა ადრე დაკავებული ოთხი დემონსტრანტი და ხალხის მხარეს გადავიდა. ტერნოპოლელმა აქტივისტებმა პროკურატურის შენობაც დაიკავეს, ადგილობრივი მილიციის ეზოში კი მილიციის სამი მანქანა დაწვეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ივანოვო-ფარნკოვსკის მილიციის უფროსი გადადგა, ხოლო ლვოვში აქტივისტებმა სამხედრო ნაწილი 4114 დაიკავეს და იარაღის საწყობებში შევიდნენ. ამ დროისთვის ნაწილს უკვე ტოვებენ სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო აქტივისტებმა ცეცხლსასროლ იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები დალუქეს - სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თუ სამხედროები უიარაღოდ დატოვებდნენ ნაწილს, ისინი საწყობებს დალუქავდნენ. აქტივისტებმა პირობა შეასრულეს.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია იუწყება, აქტივისტები ჯერჯერობით ამაოდ ებრძვიან სამხედრო ყაზარმებში გაჩენილ ხანძარს, რომელიც თანდათან ვრცელდება. არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი, შესაძლოა, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობებსაც მოედოს. ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ სამხედრო ნაწილთან 10 ათას კაცამდეა შეკრებილი, თუმცა, მათ ქმედებებში კოორდინაცია არ შეინიშნება, რადგან ერთი ნაწილი ხანძრის ჩაქრობას ვედროებიდან წყლის შესხმით ცდილობს, მეორე ნაწილი კი ყაზარმებისკენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას არ წყვეტს.