-
2015-10-05 10:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი სახის, თენგიზ გუნავას განცხადებით, დღეს სამეგრელოდან ქუთაისში 200 ადამიანი ჩავა, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატოს "რუსთავი-2"-ის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც დააკავეს და ხულიგნობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალის წარდგენას უპირებენ.
"200 კოლხი ჩადის ქუთაისში ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად, რომლებიც უკანონოდ დააკავეს თითქოსდა ხულიგნობის ბრალდებით. თვალნათლივ ჩანს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების უკანონო დაპატიმრება, ვფიქრობ, მოტივი გასაგებია!
უბრალოდ, ხელისუფლება აგონიაშია და ვერ აცნობიერებს, თუ რა შეცდომებს უშვებს, მთავარია ასიამოვნონ ჯამაჰირიის ბელადს! მაგრამ წინაამღდეგობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი, მისგან უნამუსოდ მოტყუებული ხალხისგან მიიღებს ფართომასშტაბიან მშვიდობიან პროტესტს, რომელიც მივა ლოგიკურ დასასრულამდე: რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოშორდება ქვეყნის მმართველობას!", - წერს თენგიზ გუნავა "ფეისბუქზე".
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ტრანსპორტში გადანაწილების შემდეგ ენმ-ს მხარდამჭერები ქუთაისისკენ დაიძრებიან.