პაატა იმნაძე: სასმელი წყალი სუფთაა, ერთადერთი საფრთხე დამდგარ წყალში მღრღნელების დაბრუნება და ლეპტოსპიროზია

Image

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ირწმუნება, რომ მიმდინარე ზაფხულს, ვერეს ხეობიდან ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. 

 

ამ დროისთვის  იმუნიზაციის კაბინეტებს აცრებისთვის 1700-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ვინაიდან, ჩვენთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ვერეს ხეობაში თბილისის წყალკანალმა საკანალიზაციო კოლექტორი ჩაუშვა და გახსნა იმნაძეს ამ ფაქტზე ვერ ვესაუბრეთ. 

 

ინტერვიუს ჩაწერისას მოსახლეობიდან  დაავადებათა კონტროლის ცენტრში ზარებიც შემოდიოდა - ზოგს აინტერესებდა,  უნდა გაეკეთებინა თუ არა კოღოს ნაკბენის გამო შვილისთვის აცრა. როგორც იმნაძე ამბობ, ზოგი საყვედურობდა, რატომ დაუშვა ასე იოლად ახალგაზრდები ზოოპარკში სამუშაოდ?!

 

ამ კითხვაზე პასუხი ჩვენც გვაინტერესებდა, რაზეც გვიპასუხა, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი საქციელით საზოგადოება მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანეს.

 

-როდესაც ასეთი უბედურება ხდება -სტიქიას ვგულისხმობ და სჯობს ამაზე სპეციალისტებს, ფსიქოლოგებს გაესაუბროთ, - ადამიანს ეუფლება უძლურების გრძნობა. თუ რაღაც დასახმარებლად არ გააკეთე,  ძალიან ითრგუნები. ფსიქოლოგიურ დათრგუნვას სჯობდა ბავშვებს გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს. 

 

იქ ხელი გაიჭრეს თუ გაიკაწრეს, კი ბატონო - ავცრით და სერიოზული პრობლემა არავის შეექმნება. გაცილებით მეტ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდნენ, რომ არ ემუშავათ.  ამიტომ, რა თქმა უნდა სჯობდა მისულიყვნენ და საქმე გაეკეთებინათ. მარტო თავიანთი თავებისთვის კი არა, საზოგადოებისთვისც - ამ ბავშვებმა თავისი საქმით ყველა გამოიყვანეს მდგომარეობიდან. 

 

მე ფსიქოლოგიურად არ დავითრგუნებოდი, იმიტომ, რომ ჩემი საქმე მაინც მექნებოდა, რაღაცას მაინც გავაკეთებდი ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ, ბავშვების მონაწილეობა სულ სხვა რამ იყო - ისინი უარყოფითი ემოციისგან უნდა დაცლილიყვნენ.  საზოგადოებას დადებითი მუხტი შემოუტანეს და როგორ შეიძლებოდა მათთვის უარი გვეთქვა?!

 

ვიღაცის მშობელიც დამიკავშირდა, მეჩხუბა - რატომ არ უკრძალავთ ბავშვებს იქ მუშაობასო ?!- მე ავუხსენი, რომ მისი  შვილებისთვის უარესი იქნებოდა, ახლა იქ რომ არ შეგვეშვა და საქმე არ გაეკეთებინა  მეთქი.  თან, მაქსიმალურად - ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ამ ბავშვებს არაფერი დამართოდათ.

 

-რისი საფრთხე იყო ყველაზე მეტად - ტეტანუსის, დიზენტერიის?!

 

-ელემენტარულად ყველაფრის, რაც შეიძლება ჭუჭყიანი  ხელებით დაემართოს ადამიანს.  ამიტომ ერთი რისკი აცრებით მოვხსენით, მეორე რისკისთვის სახელდახელოდ, იქვე მაქსიმალურად შევეცადეთ რომ პირობები ჰქონოდათ - ხელები დაებანათ, დეზინფექცია ჩაეტარებინათ და მოიხსნა პრობლემები. აგერ უკვე ერთი კვირა გავიდა და რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, ვთქვათ კუჭ-ნაწლავზე, აქამდე უკვე გამოჩნდებოდა.

 

-ტეტანუსი? ინკუბაციის პერიოდი მას ხომ უფრო ხანგრძლივი აქვს?!

 

-ტეტანუსიც, გამორიცხულია რომ რამე შემთხვევა გამოვლინდეს - პირველი, იმიტომ, რომ ეს თაობა, ყველა აცრილია. აცრა სჭირდებოდა მას, ვისაც რაიმე პატარა დაზიანება ჰქონდა და ესეც გაკეთდა. ასე, რომ ყოველგვარ რაიმე შემთხვევას გამოვრიცხავ.

 

-აცრებზე დიდი რიგები იყო, ახალგაზრდებს მეორე დღეს იბარებდნენ, ვაქცინა თუ იყო საკმარისი?!

 

-ვაქცინა საკმარისი იყო. რიგები დადგა იმიტომ, რომ ხალხი მიაწყდა ერთ დაწესებულებას, რომელიც თავიდანვე ჩაერთო აცრებში . შემდეგ მას ჯანდაცვის სამინისტრომ მიაშველა კიდევ სხვა დაწესებულებები. წარმოიდგინეთ, ორ დღეში 1500 კაცი აიცრა.

 

-გვერდითი მოვლენა თუ აღენიშნა ვინმეს აცრების შემდეგ?

 

-ერთს ჰქონდა მხოლოდ, ხელი გაუკავდა და ტემპერატურა მოემატა.  სხვებმა ჩვეულებრივად გადაიტანს აცრები. თავიდანვე,  აცრები შევთავაზეთ ყველას, ვისაც ჭრილობა და ნაკაწრი ჰქონდა,  დაბინძურებული მითუმეტეს. მათ შორის უცხოელებსაც, დაზღვევის გარეშე მყოფ უცხოელებსაც უფასო აცრები შევთავაზეთ. თუმცა ვამბობ - ყველას არც სჭირდებოდა. იმ დღეს ერთ-ერთ ამცრელ კაბინეტში მივედი და ჩემი ბიძაშვილის შვილიშვილი შემხვდა, რიგში იდგა, მაგრამ ვიცი რომ სამი წლის წინ არის აცრილი და მე თვითონ გამოვუშვი იქიდან. მისი დაზიანება რომ ვნახე, მითუმეტეს, ჩავთვალე, რომ არ სჭირდებოდა აცრა.

 

-აცრები გრძელდება თუ შეწყდა მომართვიანობა?

 

-გრძელდება ისევ, მაგრამ უკვე კანტიკუნტად. იმ ორ დღეში მიაღწია პიკს მომართვიანობამ.

 

-როგორც აქვე ვხედავ, მშობლები შეშინებულები არიან - კოღოს ნაკბენზეც რეკავენ და ტეტანუსზე აცრას ითხოვენ. რას ურჩევთ ამ შემთხვევაში?

 

-არაფერს, დამშვიდდნენ - საქართველოში წელიწადში ტეტანუსის რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს ხოლმე, მაგრამ ეგ უფროს თაობაში. სიკვდილიანობს შემთხვევები არ გვაქვს, ვინაიდან დღეს პრეპარატებით მომარაგებულები ვართ- შრატიც გვაქვს და ვაქცინაც. მთავარი დროული მიმართვაა.  მკურნალობას არაფერი აბრკოლებს, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ამ ბავშვების თაობა ისედაც დაცულია, იმიტომ, რომ თითქმის ყველა აცრილია დაახლოებით 2 თვის ასაკიდან.

 

აქედან გამომდინარე, რისკი დაბალი იყო, მაგრამ, ვინაიდან იმუნიტეტსაც შეხსენება უნდა,  დავიწყეთ ხელახალი აცრა.

 

-არაფერს ავნებს ხელმეორე აცრები ?

 

-არა, ეს რეკომენდირებულიცაა- ვთქვათ, 14  წლის ასაკში ბოლო, გეგმიური აცრა რომ კეთდება, მერე 24 წლის ასაკში რომ აიცრა, კარგი იქნება, ვინაიდან რაიმე შემთხვევა თუ ექნება ადამიანს, მას ანტიტეტანუსის შრატი აღარ დასჭირდება.  თუ ღრმა, დაბინძურებული ჭრილობა არაა, მას შრატი უკვე აღარ სჭირდება, ჩვეულებრი, ანატოქსინი  უკეთდება .

 

-ამ ეტაპზე რა სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიის ადგილზე და რას აკეთებს დაავადებათა კონტროლის სამსახური?!

 

-ახლა, იქ ყველაგნ უკვე მძიმე ტექნიკაა შესული. გზები გაიწმინდა, მძიმე ტექნიკას რომ ემუშავა და უფრო დაჩქარებული ტემპით მიდის დამუშავება. ჩვენს სამუშაოებს რაც შეეხება, ჩამოვყალიბდით ყველა წერტილზე - მოხალისეები ახლა იქ უკვე აღარ არიან, გარდა სვანიძის ქუჩისა. არიან ასევე მაცხოვრებლები და მათი ახლობლები. დანარჩენ ადგილებზე უკვე პროფესიული ჯგუფებია შესული და მუშაობენ.

 

გუშინ ჩატარდა დეზინფექცია და ეს ისევ და ისევ პროფილაქტიკური ღონისძიებაა, თორემ რაიმე რეალური საფრთხე ამ ეტაპზე იქ არაა დაავადებების აფეთქების მხრივ.  ანუ, ეპიდსაშიშროება იქ არ არის. ამ ეტაპზე მუდმივად ვმსჯელობთ თუ რა რისკები შეიძლება გაჩნდეს მომავალში.

 

ზოოპარკის ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ, ალბათ ასეთი მოვლილი და  ჯანმრთელ ცხოველებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ნახავთ. რაიმე დაავადების გავრცელებისთვის წინაპირობა უნდა იყოს, ცხოველებს რაღაც უნდა სჭირდეთ, შემდეგ ის დაავადება რომ გავრცელდეს.

 

ასევე მოვლილები იყვნენ ელიზბარაშვილის თავშესფრის ძაღლები. იქ ვიღაცამ ისიც თქვა, რომ ქუჩის ძაღლები მიიკედლესო. იმ ქუჩის ძაღლებსაც არაფერი სჭირდა, რომ ვთქვათ - გამორიცხულია, რომ ძაღლს ცოფიც რომ ჰქონოდა, იქიდან გავრცელდეს, მიტომ, რომ ის ძაღლი უკვე მკვდარია, არავის უკბენს და სხვა პირობებით ცოფი ვერ გავრცელდება, თანაც ჰაერის ამხელა ტემპერატურაზე.

 

თეორიულადაც რომ დავუშვათ, მზის სხივზე ცოფის ვირუსი გარკვეულ ტემპერატურაზე კვდება და ისედაც,  ასეთი გზით ცოფი არ ვრცელდება. ვერც ლეიშმანიოზი გავრცელდება ამ გზით, იმიტომ რომ ფლებოტომუსმა უნდა უკბინოს დაავადებულ ძაღლს და ამოსწოვოს სისხლი.  მკვდარს, გაყინულ სისხლს ვერ ამოსწოვს. ფლებოტომუსი მკვდარ ძაღლს რატომ უკბენს?! იმას სისხლი სჭირდება!

 

არის რაღაც ნიუანსები, რაც გამორიცხულია - თეორიულად დაშვების შემთხვევაში თუ შანსი არის, პრაქტიკულად ის გამორიცხულია.  ჯერ არაა ამის რისკი, მაგრამ მომავალში შეიძლება წარმოიშვას - ესაა ლეპტოსპიროზი. არის ასეთი დაავადება, რომელიც დაავადებული მღრღნელების შარდიდან გადადის.

 

რაღაც მცირე წყალსატევი, გუბურა  შეიძლება მღრღნელებისგან დაბინძურდეს და შემდეგ უკვე ადამიანს გადაედოს იქ მუშაობის შედეგად, მაგრამ მღრღნელებიც ხომ წაიღო სტიქიამ   - ლომები დაახრჩო და მღრღნელებს არ დაახრჩობდა?!

 

ჯერ ამის რისკი არაა, იმიტომ, რომ ჯერ მღრღნელები არაა გაჩენილი იმ ადგილებში, თორემ ის პატარ-პატარა გუბურები, რომელიც შეიძლება დააბინძურონ ,უკვე წარმოიშვა. მდინარე რომ მოძრაობს, ის არაა საშიში - გამდინარე წყალია. წყალი არ უნდა იყოს დამდგარი. დამდგარ წყალში ვირთხები ჯერ არ გაჩენილან - დავათვალიერეთ იქაურობა და ჯერჯერობით არ არიან. მაგრამ, იქ აუცილებლად მობრუნდებიან  მღრღნელები.

 

-და სამუშაოებიც ხომ გაგრძელდება?!

 

-რა თქმა უნდა, მაგრამ მუშები იქ უკვე ჩაცმულები, ჩექმებში, სპეციალურ სამოსებში, მომზადებულები მუშაობენ. ანუ, ყველაფერს ვაკეთებთ რომ გავთვალოთ რისკები და მის საწინააღმდეგო ზომებს ვიღებთ.  თან აც მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა ეპიდემია ან ეპიდსაშიშროება სრულიად უადგილოა , გამორიცხულია ყველა გათვლებით.  აქ საუბარია იმაზე, ერთეული შემთხვევები არ მოხდეს, არათუ ეპიდემია.

 

-სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეები თუ არის?!

 

-საფრთხე არის თუ სათავე ნაგებობა დაბინძურდება. სათავე ნაგებობები არაგვის ხეობაში და თბილის ზღვაზეა და არავითარი კავშირში არ ჰქონდა ვერეს ხეობასთან.

 

-ქალაქის შიგნით და წყალგაყვანილობები?!

 

-ამიტომაც, ადგილზევე მოწმდება მუდმივად - მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს  თბილისის წყალთან, ვიღებთ სინჯების პასუხებს. გამორიცხულია, თბილისის წყალმომარაგებაში ყველაფერი წესრიგშია უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ იქ, სტიქიის უბნებში ყველაფერი რომ გამოირიცხოს, - მაგალითად,  სვანიძის ქუჩაზე წყალი მოდის, საპნებიც გვაქვს და დეზინფექტანტებიც, ყველაფერი ჩამოკიდულია ონკანებთან.

 

ხელები დაიბანონ, მაგრამ, ვურჩევთ რომ ბოთლის წყალი გამოიყენონ სასმელად. სხვა რაიმე საფრთხე ქალაქში არ არსებობ იმიტომ, რომ მუდმივად მოწმდება სასმელი წყალი.

 

-როდის შეიტყო პაატა იმნაძემ ამ ამბის შესახებ?!

 

-იმავე ღამეს გავიგე. ზოგადად ჩვენი სამუშაოები ასეთი მასშტაბების სტიქიების დროს ცოტა გვიან იწყება - პირველი მაშველები და შსს მიდის შემთხვევის ადგილზე. პირველი რეაქცია რაც იყო ჩვენგან იმავე დილას - ლოკალურად, წყალთან დაკავშირებული ყველა საფრთხის თავიდან აცილება.  მერე იწყება უკვე ჩვენი რუტინული სამუშაოები. ისევ ვიმეორებ - ის ტერიტორიები ეპიდსაშიშროებას არ წარნმოადგენს, იმიტომ, რომ იქ ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ  წესის თანახმად, იქაურობის დამუშავება მაინც მიმდინარეობს.

 

ნინო მაისურაძე

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !