
მამა გიორგი ჯიბუტი - 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა სტიქიის რამეს იხსენებს და ამბობს, რომ როგორც კი სიძემ დაურეკა და უთხრა, რომ სახლის სახურავზე იყვნენ, მაშინვე მაშველებს დაურეკა, მერე კი მათთან ერთად შემთხვევის ადგილისკენ გაემართა.
„მაშველებს არ დაუგვიანიათ, მაგრამ მე ისინი ჩემს მისამართზე, ხაბეიშვილის სამში გამოვიძახე, მათთან ერთად წავედი, გზას ვასწავლიდი, რადგან ვერ მიაგნებდნენ უჩემოდ. მარჯვენა ნაპირიდან ვერეზე გადასვლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელით, უნივერსიტეტის ქუჩით და საბურთალოს სასაფლაოთი ჩავედით, ანუ მარცხენა ნაპირიდან.
მაშველები მაშინვე შეცვივდნენ წყალში, მაგრამ იქ მხოლოდ ჩემი სიძე დახვდათ, გზაში დიდი დრო დავკარგეთ, მანქანებიც ჩახერგილი იყო... სახურავი მოგლიჯა წყლის დინებამ და ჩაცვივდნენ წყალში, ჩემს სიძეს თმებით ეჭირა თურმე გოგოები, მერე მორი დაჯახებია და ჩაიძირნენ, ინსტიქტურად გაეშვა ხელი, ცხადია... რომ ამოყვინთა, იმათი ხმა არც ისმოდა, არც ჩანდნენ...
თვითონ მორს ჩაებღაუჭა, ჩვენ რომ მივედით, არაადამიანურად ყვიროდა... სანამ სახურავს მოგლეჯდა, ათი წუთით ადრე რომ მივსულიყავით, გადავარჩენდით, მაშველები გზაში აწყობდნენ გეგმებს, ერთმანეთს გადავებათ და წყალში ისე შევიდეთო, სახურავზე რომ ყოფილიყვნენ, გადაუგდებდნენ თოკს და გადაარჩენდნენ“, - იხსენებს მამა გიორგი ჯიბუტი G-newsTV-სთან საუბარში.
მისი თქმით, მარიამ ქუთელია მის სიძესთან და ივლიტასთან სტუმრად იმყოფებოდა, რადგან მაგისტრატურისთვის ერთად მეცადინეობდნენ. სასულიერო პირი ამბობს, რომ როცა წვიმა დაიწყო, დაახლოებით 22:30-ზე, სიძეს დაურეკა და დაინტერესდა, იყო თუ არა შინ: „ვიფიქრე, გოგოებს არ შეშინებოდათ“, ხოლო დადებითი პასუხის შემდეგ დასაძინებლად დაწვა.
„დაახლოებით თორმეტის ნახევარი იყო, როცა დამირეკა, სახურავზე ვართ, ჩქარა, სამაშველოში დარეკეო“, - იხსენებს მამა გიორგი. ამის შემდეგ მან სამაშველოში დარეკა და მაშველებთან ერთად გავიდა ტრაგედიის ასგილისკენ: „ტელეფონზე დაფიქსირებულია, მერე ვნახე, ბოლოს 0:34 წუთზე ველაპარაკე, ისევ სახურავზე იყვნენ“, - ამბობს მამა გიორგი ჯიბუტი.