
ქალაქის ქუჩებში ზოოპარკიდან გაქცეული თუ ბუნაგიდან გამოსული ცხოველების თავისუფლად გადაადგილების ფაქტები ცნობილია რამდენიმე ქვეყანაში. მაგალითად, რუსეთში, კომის არ-ის დედაქალაქ სიქტივკარში არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ხელს მერი აწერს და სადაც აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს სიქტივკარელი, თუ ქალაქის ქუჩებში დათვს გადაეყრება.
ეს ოფიციალური სამსახსოვრო "კომედი ქლაბის" დაინტერესების საგანი გახდა. როგორც ირკვევა, ერთ წელიწადს სიქტივკარში ბუნაგიდან გამოსული, დამშეული დათვები გამოჩნდნენ, რის შემდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ინფორმირება გადაწყვიტა.
"თუ ქუჩაში დათვი შეგხვდათ, შეჩერდით. გადადით დათვის ბილიკიდან - შესაძლოა, სწორედ ესაა ის, რასაც დათვი თქვენგან ითხოვს";
"შეეცადეთ, არ გამოიყურებოდეთ მუქარის შემცველად";
"ნუ ეცდებით გაქცევას - დათვს მაინც ვერ გაექცევით";
"ეცადეთ გამოჩნდეთ იმაზე დიდი, ვიდრე ხართ. უყურეთ დათვს თვალებში და გააგებინეთ მას, რომ ადამიანი ხართ";
"თუ დათვის თავდასხმა თავდაცვითია, ეცადეთ, თავი მოიმკვდარუნოთ";
"დაწექით პირქვე, ოდნავ გაშალეთ ფეხები... ეს დაიცავს თქვენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს დაზიანებისგან" - ასეთი რჩევებია სამახსოვროში.
შეგახსენებთ, 18 ივნისს ტვ "იმედზე" გასულ სიუჟეტში საქართველოს მეთევზეთა და მონადირეთა ფედერაციის ხელმძღვანელმა თბილისელებს ურჩია, ვეფხვთან შეხვედრის შემთხვევაში არ უჩვენონ მას ზურგი, აიღონ საგანი, რომელიც ხელთ მოხვდებთ, დააბრახუნონ და პერიოდულად უყვირონ ვეფხვს: "წადი! წადი!". ამავე დროს, რადიკალურად განსხვავებული რჩევებია მოცემული სტატიაში, რომელიც "გარდიანმა" გამოაქვეყნა.