
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ერთერთ სატელევიზიო არხზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში განხორციელებული დანიშვნები ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელს არ შეუშლის, რადგან ეს უკრაინის შიდა საქმეა.
გიორგი მარგველაშვილი დაეთანხმა გადაცემის წამყვანს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოში ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებს ჰგავს, ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მსგავსება თვალშისაცემია არამხოლოდ 2008 წლის, არამედ 1990-იანი წლების მოვლენებთანაც.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელები ისევე ერთიანად დგანან, როგორც იდგნენ ქართველები და მომავალშიც "ერთად, ამაყად დგომა" ურჩია, თუმცა, დაამატა, რომ არც პრაგმატული ნაბიჯების დავიწყება შეიძლება.
"უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ქართველი თვლის თავის ვალად, გვერდით დაუდგეს უკრაინას და ემსახუროს ამ ქვეყანას, რადგან ჩვენ გვაქვს ძმური ურთიერთობები და მომავლის ერთნაირი ხედვა.
ამისთვის მზადმყოფი ქართველებიდან ვის აირჩევს და ვის დანიშნავს თანამდებობაზე უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, არა მგონია, რომ აქ მე კონკრეტულ დანიშვნებზე უნდა გავაკეთო კომენტარი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინულ არხზე სტუმრობისას.