
ტელეწამყვანებს ერთი თვეა, „იმედის“ ეთერში „იმედის კვირა“ მიჰყავთ.
ინგა გრიგოლია იმ პერიოდს იხსენებს, როცა შალვასთან ნაჩხუბარი იყო.
„ერთი პერიოდი გაგვირთულდა ურთიერთობა. ეს მაშინ იყო, როდესაც შალვა პრეზიდენტის პიარსამსახურის ხელმძღვანელი იყო. მან ერთხელაც არ მოიყვანა პრეზიდენტი ჩემს გადაცემაში. ერთ დღეს დავურეკე და ვკითხე, რატომ არ მოგყავს-მეთქი. მიპასუხა, რა გინდა, მაგ ცირკში მოვიყვანო პრეზიდენტიო.
ამის გამო ისეთი დაბოღმილი ვიყავი. „იმედში“ კიბეებზე შევხვდით ერთმანეთს და ცივად მივესალმეთ, ვუთხარი, ამას ყველასგან ველოდებოდი, შენგან კი არა-მეთქი. ისიც დავაყოლე, ნამდვილი ჩინოსანი გახდი-მეთქი. ხუთი თვე შალვას ნათქვამზე გაცოფებული ვიყავი“, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ მარგველაშვილი ამ შოუში ვერ წარმოედგინა.
„აბა, მოდით. ჩემი გადმოსახედიდან შეხედეთ. იცით, ინგას გადაცემას რატომ ვუყურებ? რომ კიდევ ერთხელ გავოცდე, როგორ შეუძლია ამ ქალს დინამიტის გაკეთება. ის ერთი შეხედვით სრულიად უინტერესო ადამიანებს დირიჟორობს და ქმნის შოუს.
მარგველაშვილი სოლო ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო და ამის გამო არ მივიყვანე“, - დასძინა მან.
„სარკე“